გულძმარვა - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

გულძმარვა - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

გულძმარვა წვის შეგრძნება, ტკივილია გულმკერდის არეში, მკერდის ძვლის უკან.

ამ შემაწუხებელი შეგრძნების მიზეზი კუჭის მჟავა შიგთავსით საყლაპავის გაღიზიანებაა. ტკივილი მძაფრდება საკვების მიღების შემდეგ ან როცა პაციენტი წვება, ან იხრება.  

სიმპტომები

გულძმარვისთვის დამახასიათებელია:

  • მწველი ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც ჭამის შემდეგ აღმოცენდება;
  • ტკივილი, რომელიც ძლიერდება დაწოლისას ან წინ გადახრისას;
  • მწარე ან მჟავე გემო პირის ღრუში;  

როდის მივმართოთ ექიმს?

პაციენტი კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოთ, თუ უჩივის გულმკერდის ძლიერ ტკივილს ან ერთგვარ ზეწოლის შეგრძნებას და ამ დისკომფორტს თან ახლავს სხვა სიმპტომებიც (ტკივილი მხრის ან ყბის არეში, სუნთქვის გაძნელება). გულმკერდის ტკივილი შესაძლოა გულის შეტევის ნიშანი იყოს!    

რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაციაზე ჩაეწეროთ, თუ თქვენთვის ნაცნობია შემდეგი სიმპტომები:

  • გულძმარვა ვითარდება კვირაში ორჯერ ან მეტჯერ;
  • ურეცეპტოდ, თვითნებურად მიიღეთ მედიკამენტი და სიმპტომები არ შემსუბუქდა;
  • ყლაპვა გიჭირთ;
  • მუდმივად გაქვთ გულისრევის შეგრძნება ან ღებინება;
  • უმადობის გამო წონა დაიკელით;  

ექიმი დაგინიშნავთ გულძმარვის მკურნალობის კურსს. 

აღსანიშნავია, რომ გულძმარვა შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთმა საკვებმა და სასმელმა (ცხიმიანი და შემწვარი ან ცხარე საკვები, ხახვი, ციტრუსი, კეტჩუპი, ბაღის პიტნა, შოკოლადი, ალკოჰოლი, ყავა და სხვა სასმელი, რომელიც კოფეინს შეიცავს).

მედიკოსები განმარტავენ, რომ ჭარბი წონის ან ორსულობის დროს გულძმარვის განვითარების რისკი შესაძლოა გაიზარდოს.    

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, რეგულარული გულძმარვა, რომელიც აფერხებს თქვენი ცხოვრების ჩვეულ რიტმს, განიხილება გასტროეზოფაგეალურ რეფლუქსად.

იმისთვის, რომ ექიმმა გაარკვიოს გულძმარვა არის თუ არა გასტროეზოფაგეალური რეფლუქსის დაავადების სიმპტომი, ინიშნება ენდოსკოპიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევები.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/heartburn/symptoms-causes/syc-20373223