თუ დროულად არ იმკურნალებთ, რა სერიოზული გართულების მიზეზი შეიძლება გახდეს ძლიერი ყელის ტკივილი?

თუ დროულად არ იმკურნალებთ, რა სერიოზული გართულების მიზეზი შეიძლება გახდეს ძლიერი ყელის ტკივილი?

რა არის ანგინა?

ანგინა - ლათინური სიტყვაა და ნიშნავს მოჭერას-შევიწროებას. ანგინა (მწვავე ტონზილიტი) ინფექციური ხასიათის მწვავე ანთებითი დაავადებაა - დიაგნოზი გაცილებით ხშირია ბავშვებში.

იგი გავრცელებული დაავადებაა და ხასიათდება სასის ნუშურა ჯირკვლების ანთებით, ამასთან, ყალიბდება ინტოქსიკაციის სინდრომი. სავსებით მოსალოდნელია პროცესი დაიწყოს სრულიად მოულოდნელად. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში დაავადება იმდენად მწვავე ფორმით მიმდინარეობს, რომ მნიშვნელოვნად ქვეითდება პაციენტის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი.

სასურველია, სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართოთ ექიმს, რადგან თუ დროულად არ მოხდება დაავადების დიფერენცირება, შესაბამისად, მკურნალობა და აუცილებელი რეკომენდაციების გათვალისწინება, ანგინამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული სისტემური გართულებები.

დაავადების შესახებ გვესაუბრება ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის პარტნიორი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი გოგა ჭაფანძე.

- რა სიმპტომებით ვლინდება ანგინა?

- ანგინით ავადობის დროს ძირითადი, მთავარი სიმპტომია (როგორც ზრდასრულ პაციენტებში, ისე ბავშვებში) უეცარი, ძლიერი ყელის ტკივილი. ყელის ტკივილი მწვავდება ყლაპვის დროს და დისკომფორტი იმდენად შემაწუხებელია ადამიანი ვერ ღეჭავს საკვებს, უჭირს ყლაპვა, ტკივილი გადაეცემა ყურისა და კისრის არეში.

ყელის ტკივილის გარდა სხვა სიმპტომებია:

  • სხეულის ტემპერატურა მატულობს (38-39);
  • შემცივნება;
  • კუნთებისა და სახსრების ტკივილი;
  • თავის ტკივილი;
  • საერთო სისუსტე;
  • დაღლილობა.

გაითვალისწინეთ, ტონზილებში მიმდინარე აქტიური ანთებითი პროცესი ვრცელდება რეგიონულ ლიმფურ კვანძებზე. ზომაში დიდდება ლიმფური კვანძები, ვითარდება ლიმფადენიტი (სამედიცინო ენაზე ლიმფური კვანძების ანთებაა). შეხების დროს პაციენტი უჩივის ტკივილს და თავის მოძრაობის დროს აქვს დისკომფორტის შეგრძნება.

- რა გზით გადაეცემა ინფექცია?

- პათოლოგიების შემთხვევების უმეტეს პროცენტში წყარო ტონზილიტით ან ქუნთრუშით დაავადებული პირები არიან. ინფექცია გადადის ნერწყვის წვეთებით, მაგალითად, რისკი მაღალია, როდესაც ინფიცირებული ადამიანი საუბრობს ან ახველებს, აცემინებს. გაითვალისწინეთ, დაავადება იშვიათად გადაეცემა ალიმენტური გზით (საკვებით) და ფიზიკური კონტაქტით.

დაავადების სიხშირის პიკია შემოდგომა-გაზაფხულის პერიოდი.

- რა უნდა ვიცოდეთ გამომწვევი მიზეზების შესახებ?

- შემთხვევათა 85%-ში გამომწვევი მიზეზია A-ჯგუფის B-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი. პირის ღრუში შეღწევის შემდეგ სტრეპტოკოკი ნუშურა ჯირკვლის ზედაპირზე იწყებს გამრავლებას, ხოლო მისი ნარჩენი პროდუქტი ხვდება სისხლში, რაც ზოგადი ინტოქსიკაციის სინდრომის განვითარების წინაპირობაა.

რისკ-ფაქტორებია:

  • მტვრის შემცველობა;
  • ჰიპოთერმია;
  • ალერგია;
  • ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა, მუშაობა;
  • სუსტი იმუნიტეტი;
  • ანამნეზში აუტოიმუნური დაავადებები;
  • ინფექციის სხვა კერები (არანამკურნალები სინუსიტი, სტომატოლოგიური დაავადებები და სხვა).

- როგორია დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები?

- ექიმი ყურადღებით მოისმენს პაციენტის ჩივილებს, სიმპტომების გათვალისწინებით შეადგენს ანამნეზს, გულდასმით დაათვალიერებს ლორ-ორგანოებს (სიწითლე ან შეშუპება ნუშურა ჯირკვლებზე, ფოლიკულებში პათოლოგიური გამონადენი, ლიმფური კვანძების ზომა და სხვა).

ასევე ტარდება ლაბორატორიული კვლევები (სისხლის საერთო ანალიზი, ანტისტრეპტოლიზინის ტიტრის განსაზღვრა სისხლში, ხახის ნაცხის ანალიზი ბაქტერიულ ფლორაზე).

საჭიროების შემთხვევაში კისრის ქსოვილების ულტრაბგერითი კვლევაც შეიძლება დაინიშნოს.  

რაც შეეხება მკურნალობის კურსს; როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში, კლასიკური ბაქტერიული (ჩირქოვანი) ტონზილიტის მკურნალობის საფუძველია ანტიბიოტიკოთერაპია. გთხოვთ გაითვალისწინოთ, ანტიბიოტიკების მიღება დაუშვებელია თვითნებურად, ექიმის რეკომენდაციისა და შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის გარეშე! ოტო-რინო-ლარინგოლოგი ჩივილებიდან და ანალიზიდან გამომდინარე შეარჩევს თქვენთვის საჭირო ანტიბიოტიკოთერაპიას.

მწვავე კლინიკური მიმდინარეობის დროს საჭირო დგება დეტოქსიკაციური ინფუზიები.

დროული მკურნალობის გარეშე დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, მაგალითად:

  • ოტიტი (ყურის ანთება);
  • ჰაიმორიტი (ზედა ყბის ძვლის წიაღის ანთებითი პროცესი);
  • ეთმოიდიტი (ცხავის ლაბირინთის ანთება);
  • ხორხის შეშუპება;
  • კისრის ფლეგმონა;
  • მწვავე რევმატიული ცხელება;
  • მიოკარდიტი;
  • რეაქტიული ართრიტი;
  • სეფსისი და სხვა.

- როგორ დავიცვათ თავი ანგინისგან?

- პროფილაქტიკისთვის მოწოდებულია:

  • შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ადამიანებს, რომელთაც აქვთ ინფექციური დაავადებების სიმპტომები;
  • უნდა მიირთვათ ჯანსაღი პროდუქტები;
  • ზედმეტად არ გადაიტვირთოთ მუშაობით თავი, რეგულარულად დაასვენეთ ორგანიზმი;
  • იმუნიტეტის ამაღლება;
  • ცხოვრების ჯანსაღი წესი;
  • უარის თქმა ალკოჰოლსა და თამბაქოზე;
  • აუცილებელია სომატური დაავადებების დროული მკურნალობა;
  • ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის გამოვლენისთანავე გაიარეთ ექიმის კონსულტაცია.