კუნძული სანტორინი - თეთრი ზღაპარი საბერძნეთში

კუნძული სანტორინი - თეთრი ზღაპარი საბერძნეთში

სანტორინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა.

ტურისტები მას ხშირად უწოდებენ ფოტოგენურ კუნძულს და სანტორინი ამ ზედმეტსახელს ნამდვილად იმსახურებს! კუნძულის არაერთი ცნობილი ხედი ხშირად ამშვენებს ტურისტული სააგენტოების ბროშურებს და სიტყვაზე უნდა გვენდოთ - თითოეული კადრი რეალობაში გაცილებით თვალწარმტაცია.

სანტორინი ცნობილია კლდეზე შეფენილი ქათქათა თეთრი შენობებით, ლურჯგუმბათიანი ეკლესიებით, ძველებური წისქვილებით, ეგეოსის ზღვის ულამაზესი ლურჯი ჰორიზონტით, სახლებისა და სასტუმროების წინ მზეზე მოლივლივე აუზებით, ვიწრო კოხტა ქუჩებითა და ყვავილებიანი ეზოებით.

ათენიდან სანტორინზე ჩასვლა გემით (გემს დაახლოებით 8 საათი სჭირდება) ან თვითმფრინავით (ფრენა 45 წუთს გრძელდება) შეგიძლიათ.

ქალაქ ფირას (ცნობილია თირას სახელწოდებითაც) კუნძულის თანამედროვე დედაქალაქს უწოდებენ.  

ფირას ძველ პორტს შეგიძლიათ ეწვიოთ საბაგიროთი, დატკბეთ მშვენიერი ხედით და სანაპიროზე გაშენებულ სწრაფი კვების ობიექტებში უგემრიელესი ზღვის პროდუქტები დააგემოვნოთ.

ეწვიეთ არქეოლოგიურ მუზეუმს, ისეირნეთ ლამაზ ქუჩებში და დაათვალიერეთ ხელნაკეთი ნივთები, ადგილობრივი მინის აქსესუარები, თიხის ჭურჭელი, ხელით მოქარგული სუფრები. ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს დაივინგი და გემით სეირნობა.

კუნძულზე თეთრი და ლურჯი ფერი დომინირებს. სასტუმროების, რესტორნებისა თუ სუვენირების მაღაზიების ექსტერიერი და ინტერიერიც ამ ფერებშია გადაწყვეტილი. ტერასები ქოთნის ყვავილებითაა გალამაზებული.

კუნძულის კიბეებს ხშირად უწოდებენ ბედნიერებისკენ მიმავალ კიბეს. ამ კიბით ერთი პაწაწინა ეზოდან მეორეში აღმოჩნდებით - სანტორინი ფერადი ვიწრო ქუჩების ნამდვილი ლაბირინთია.   

კუნძულის შემადგენლობაში 10-ზე მეტი ქალაქი და სოფელი შედის, მაგალითად, აკროტირი, ემპორიო, ფიროსტეფანი, იმეროვიგლი, კამარი, პერისა, მესარია და სხვა. მათ შორის ყველაზე პოპულარულია ოია. სწორედ ოიას ხედია სანტორინის მთავარი სიმბოლო!

ფირას ცენტრში მდებარე მთავარი სადგურიდან გადის ავტობუსი ოიას მიმართულებით (ფირადან ოიამდე მანძილი მაქსიმუმ 20 წუთი).

ოიამდე მიმავალ გზაზე ავტობუსი გაივლის მონაკვეთს, რომელიც ტურისტებისთვის უცნობია. ფანჯარასთან მოკალათებულთ საშუალება გეძლევათ იხილოთ თუ როგორ ცხოვრობენ ამ მშვენიერ კუნძულზე ადგილობრივები, როგორ უყვართ საკუთარი ეზოსა და მთლიანი კუნძულის მოვლა.

ავტობუსის ბოლო გაჩერება ოიას ცენტრშია. ავტობუსიდან ჩამოსვლის შემდეგ ფეხით რამდენიმე წუთი უნდა ისეირნოთ, გზად ვარდისფერი, იასამნისფერი, წითელი სუროთი დაფარული კედლები შემოგეგებებათ, სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ხალხის ნაკადს შეერევით, შემდეგ კი ღრმად უნდა ჩაისუნთქოთ და ემოციურად მოემზადოთ იმისთვის, რომ საკუთარი თვალით იხილოთ ენით აღუწერელი სილამაზე, რომელიც ინტერნეტსა თუ ბროშურაში ათასჯერ მაინც გინახავთ.

მზის ჩასვლა ასეთი ლამაზი არსადაა - ეს გადამეტებული სიტყვები არ გეგონოთ; ოიადან საღამოს გადახედეთ ეგეოსს და ამაში თავადაც დარწმუნდებით.

ეს კუნძული ფეხით სეირნობის მოყვარულთათვის იდეალური ადგილია, რადგან კუნძულის ვიწრო ქუჩებში ავტომობილით გადაადგილება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. თუ ძალიან დაიღლებით ვირის დაქირავება შეგიძლიათ.

კუნძულის დასათვალიერებლად საუკეთესო დროდ აპრილიდან ნოემბრის დასაწყისამდე პერიოდი ითვლება. მზიანი ამინდი უმეტესად მაისიდან ოქტომბრამდეა, ხოლო ივლისსა და აგვისტოში სანტორინზე ძალიან ცხელა. გაზაფხულსა და გვიან შემოდგომაზე სასტუმროს ჯავშნების ღირებულება შედარებით იაფია, ნომრის ფასი კიდევ უფრო დაბალია ზამთარში (თუმცა ამ სეზონზე ზოგიერთი სასტუმრო დახურულია, არ ფუნქციონირებს და გაითვალისწინეთ).

თუ თქვენს გეგმაში კუნძულის ღირსშესანიშნაობების დათვალიერების გარდა ზღვაში ცურვაც შედის, სანტორინს ივნისიდან სექტემბრამდე უნდა ეწვიოთ. ყველაზე პოპულარულია პერისას, ვლიჩადას, პერივოლოსისა და კამარის სანაპიროები.