აია ნაპა კვიპროსის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია.
მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ თეთრი ქვიშისა და კრისტალურად სუფთა, ფირუზისფერი ზღვის სანაპიროების სამფლობელო, რომელმაც უამრავ ტურისტს აჩუქა დაუვიწყარი შვებულება, არაერთი სასიამოვნო წუთი და მოგონება.
რუჯის მოყვარულთათვის სეზონი მაისის დასაწყისიდან ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება.
6 თვის განმავლობაში დამსვენებელთა განკარგულებაშია 27 კეთილმოწყობილი სანაპირო და მათგან 14-ს მინიჭებული აქვს ლურჯი დროშის (სუფთა სანაპირო, ზღვის წყლის სისუფთავე, მოწესრიგებული საზოგადოებრივი საპირფარეშო, კომფორტული საშხაპე და სხვა) სტატუსი. ყველა სანაპიროზე შეგიძლიათ იქირავოთ შეზლონგი და ქოლგა, ქვითარში კი WI FI-ს პაროლი იქნება მითითებული.
აია ნაპაში ყველაზე პოპულარული სანაპიროა Nissi Beach, შესაბამისად, ნისის პლიაჟი დღის ნებისმიერ მონაკვეთში ხალხითაა სავსე. სანაპიროზე ყოველთვის ისმის კლუბური მუსიკა, იმართება წვეულებები და ე.წ. ქაფი ფართი.
ტურისტებში ძალიან პოპულარულია სკულპტურების პარკი. ღია ცის ქვეშ მდებარე მუზეუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ხელოვანის სკულპტურების დათვალიერება (შესვლა უფასოა) შეგიძლიათ.
თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს შორის სეირნობისას, ჰორიზონტზე იშლება უმშვენიერესი ხედი მზის სხივებზე მოლივლივე ხმელთაშუა ზღვაზე.
აია ნაპაში ყოფნისას აუცილებლად უნდა ესტუმროთ ადგილს, რომელიც ცნობილია სიყვარულის ხიდის სახელწოდებით. ხიდი ბუნებამ შექმნა და ამ ნამუშევარში ადამიანის ხელი არ ურევია.
რომანტიკული ადგილი ერთნაირად იზიდავს როგორც ადგილობრივებს, ისე უცხოელებს. პოპულარული მიმართულებაა პროფესიონალ თუ მოყვარულ ფოტოგრაფებში; მართლაც რომ თვალწარმტაცი კადრები გელით, მაგალითად, როგორ ეგებება ზღვა ხმელეთს.
სიყვარულის ხიდი განსაკუთრებით მიმზიდველი მზის ჩასვლის დროსაა. ხიდი საუკუნეებია გადაჰყურებს თვალუწვდენელ ხმელთაშუა ზღვას, არაერთი ქორწილის მასპინძელი გამხდარა, ბედნიერების ცრემლებიც ხშირად უნახავს და ყოველთვის მოუთმენლად ელის ტურისტებს.
თუ ზღვის ტრანსპორტის მოყვარული ბრძანდებით გირჩევთ ეწვიოთ ცენტრში მდებარე აია ნაპას ნავსადგურს, რომლის ფსკერზეც ღუზა ჩაშვებული აქვთ როგორც პატარა ნავების, ისე იახტებისა თუ გემების კაპიტნებს.
ნავსადგურში სეირნობით ძალიან მოიხიბლებით. ტალღების ხმასა და ზღვის სურნელს შეერევა გემრიელი კერძების არომატი - ნავსადგურის გარშემო მდებარე რესტორნებსა თუ სწრაფი კვების ობიექტებში უგემრიელესი ზღვის პროდუქტების დაგემოვნების საშუალება გეძლევათ. ამავე ნავსადგურიდან შეგიძლიათ გემით სეირნობა.
ცნობისათვის, აია ნაპაში მდებარეობს კლუბური კვარტალი. ღამის კლუბებისა და ბარების სიმრავლის გამო ტურისტები კურორტს იბიცასაც კი ადარებენ. კლუბებში ხშირად იმართება თემატური წვეულებები.
ატრაქციონის მოყვარულები უნდა ეწვიოთ აია ნაპაში მდებარე ატრაქციონების პარკს Parko Paliatso Luna Park. ვრცელ ტერიტორიაზე გაშლილი ატრაქციონები განკუთვნილია ბავშვებისთვის, ოჯახებისთვის და ექსტრემალური გართობის მოყვარულთათვის. ატრაქციონების პარკში მხიარულობენ როგორც პატარები, ისე ზრდასრულები.
აია ნაპაში მდებარეობს კვიპროსის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი, საცურაო აუზებისა და ატრაქციონების უზარმაზარი კომპლექსი, ანტიკური ბერძნული მითოლოგიის თემატიკით შექმნილი აკვაპარკი სახელწოდებით WaterWorld. საერთო ჯამში აკვაპარკს სტუმრობდა 4 მილიონზე მეტი ადამიანი.
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ დღეს მსხვილი ტურისტული ცენტრი 1970 წლამდე მცირე სასოფლო დასახლებას წარმოადგენდა. სოფელში, ძირითადად, მეთევზეები და ფერმერები ცხოვრობდნენ.