ძვლის ინფექციას სამედიცინო ენაზე ოსტეომიელიტი ეწოდება.
როგორც წესი, პათოლოგიური პროცესის გამომწვევია სტაფილოკოკის ბაქტერია - ინფექცია ძვალში აღწევს სისხლის მიმოქცევის სისტემიდან ან ახლომდებარე ქსოვილებიდან, ზოგჯერ ყალიბდება უშუალოდ ძვლიდან ტრავმის/დაზიანების ფონზე.
დიაგნოსტირებისთვის, პირველ რიგში ექიმი დაზიანებულ ძვალს ვიზუალურად შეამოწმებს (ნებისმიერი სიმპტომი საყურადღებოა, მაგალითად, სიმხურვალე, შეშუპება, სისუსტე/სირბილე და სხვა).
ოსტეომიელიტის ამოსაცნობად მოწოდებულია არაერთი ანალიზი და პროცედურა - აუცილებლად უნდა დადგინდეს ინფექცია რომელი ტიპის მიკრობმა გამოიწვია.
სისხლის ანალიზი აჩვენებს მომატებულია თუ არა ლეიკოციტების რაოდენობა, ებრძვის თუ არა ორგანიზმი ინფექციას.
ლაბორატორიული ტესტი გამოავლენს გამომწვევ ბაქტერიას. გაითვალისწინეთ, სისხლის ანალიზით შეუძლებელია იმის დადასტურება გაქვთ თუ არა ოსტეომიელიტი; ეს ტესტი ექიმს სამომავლო სამოქმედო გეგმას უსახავს - შესაბამისი ანალიზის პასუხის საფუძველზე ინიშნება დამატებითი კვლევები.
ეფექტურია შემდეგი კვლევის მეთოდები:
- რენტგენოლოგიური კვლევა;
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
- კომპიუტერული ტომოგრაფია.
ინიშნება ძვლის ბიოფსია ინფექციის წყაროს ბაქტერიის იდენტიფიკაციისთვის. როდესაც ბაქტერიის ტიპი გამოვლინდება, დაინიშნება უშუალოდ ამ მიკრობის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში საჭიროა ქირურგიული ჩარევა - ქირურგი ძვლის მკვდარ ქსოვილს კვეთავს. ოპერაციის შემდეგ ინიშნება ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპია.
ინფექციის სიმწვავიდან გამომდინარე, ოსტეომიელიტის ქირურგიული მკურნალობის მეთოდები შესაძლოა მოიცავდეს რომელიმეს ამ პროცედურებიდან:
- დაავადებული ძვლისა და ქსოვილის ამოკვეთა;
- ინფიცირებული მიდამოდან სითხის ან ჩირქის დრენირება;
- ძვლისკენ სისხლის მიმოქცევის უნარის აღდგენა;
- ნებისმიერი უცხო სხეულის მოცილება;
- კიდურის ამპუტაცია (როდესაც ერთადერთი შანსი რჩება და მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ინფექციის გავრცელების პრევენცია).
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/osteomyelitis/diagnosis-treatment/drc-20375917