თბილისს სამუშაო ვიზიტით ეწვია თურქული კლინიკათა ქსელის „აჯიბადემის“ ცნობილი ბავშვთა ონკოლოგი ფუნდა ჩარაფჩიოღლუ.
ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრისა და დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის მოწვევით, თურქმა პროფესორმა კონსულტაციაზე მიიღო ონკოლოგიური დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ცნობილმა ონკოლოგმა კლინიკის ექიმებისა და სტუმრებისთვის პრეზენტაცია წარადგინა - დასკვნითი ღონისძიება პარალელურად შუქდებოდა ჩვენი კლინიკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, პირდაპირ ეთერში.
პროფესორის პრეზენტაცია ეძღვნებოდა ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირების, მკურნალობისა და მართვის თანამედროვე მეთოდებს.
ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე ნეფარიძემ თურქ ონკოლოგს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ახალი ფილიალი დაათვალიერებინა, გააცნო როგორც უკვე წარმატებით აპრობირებული დიაგნოსტიკურ-სამკურნალო მეთოდები, ისე სამომავლო გეგმები.
ონკოლოგს უმასპინძლა ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა, საერთაშორისო რადიოლოგიური ცენტრის დამფუძნებელმა, რადიოლოგმა ვასილ გერგედავამ; ცნობილმა რადიოლოგმა თურქ კოლეგას კლინიკის ულტრათანამედროვე კომპიუტერული ტომოგრაფის უახლეს სისტემებზე მოუთხრო, საერთაშორისო რადიოლოგიური ცენტრის მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა.
გაცნობებთ, რომ თურქი ონკოლოგის მოწვევას უახლოეს მომავალში კვლავ ვგეგმავთ.