როგორ ავირიდოთ თავიდან საკვებით მოწამვლა?

როგორ ავირიდოთ თავიდან საკვებით მოწამვლა?

პრევენციის მეთოდები.

საკვებით მოწამვლა დაბინძურებული საკვებით გამოწვეული დაავადებაა.

ყველაზე ხშირად გამომწვევი მიზეზია ბაქტერია, ვირუსი, პარაზიტები და მათი ტოქსინები. რისკი იზრდება თუ საკვების მომზადებისას დარღვეულია ჰიგიენის პირობები ან არ არის პროდუქტი სათანადოდ დამუშავებული.

ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჩნდება საკვების მიღებიდან რამდენიმე საათში. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში მოწამვლის ხარისხი მსუბუქია, თუმცა ზოგჯერ პაციენტის მდგომარეობა იმდენად მძიმეა აუცილებელი ხდება ჰოსპიტალიზირება. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ რისკ-ჯგუფში მყოფ პირებს.

რისკ-ჯგუფში შედიან:

  •  ჩვილები და ბავშვები;
  •  ორსულები;
  •  ხანდაზმულები;
  •  ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ანამნეზში აქვს რომელიმე დაავადება, გადის მკურნალობის კურსს ან აღენიშნება სუსტი იმუნიტეტი.

გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინების ფონზე მინიმუმამდე მცირდება საკვებით მოწამვლის რისკი.

პრევენციის მეთოდებია:

  •  ვიდრე სადილს მიირთმევთ ან საკვებს მოამზადებთ, ხელები საპნით უნდა დაიბანოთ მინიმუმ 20 წამის განმავლობაში;
  •  ხილი და ბოსტნეული კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში;
  •  სუფთა უნდა იყოს კოვზი, დანა, ჩანგალი და ყველა ის ნივთი, რომელსაც პროდუქტი ეხება;
  •  დაუშვებელია უმი ან სათანადოდ მოუხარშავი ხორცის მიღება;
  •  დროულად შეინახეთ საკვები მაცივარში, საგულდაგულოდ შეამოწმეთ პროდუქტის ვარგისიანობის ვადა;
  •  თუ ეჭვობთ რომ საკვების მომზადებისას დაირღვა წესები, გადაყარეთ პროდუქტი;
  •  ნებისმიერი საკვები, რომელსაც ობი უჩნდება, გადასაყრელია;
  •  იზრუნეთ მაცივრის სისუფთავეზე.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/food-poisoning/symptoms-causes/syc-
20356230