ვროცლავი ერთ-ერთი ძველი და ლამაზი ქალაქია პოლონეთში.
ხიდებისა და არხების, ლამაზი არქიტექტურის ქალაქს ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ.
ვროცლავს ევროკავშირში სტუდენტთა ქალაქის სახელით იცნობენ - აქ, 130 000-ზე მეტი სტუდენტი ცხოვრობს; ვროცლავი გამოირჩევა აქტიური სტუდენტური და კლუბური ცხოვრებით, მასშტაბური მუსიკალური ფესტივალებით.
ქალაქში ვიზიტისას შეუძლებელია არ მოიხიბლოთ იმ ფერთა გამით, რომელიც ისტორიული ღირსშესანიშნაობებისა თუ კერძო საკუთრების ფასადზეა დატანილი. ერთმანეთს ჩინებულად ერწყმის წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, მწვანე, ლურჯი, ყავისფერი. ვროცლავი ნამდვილად წარმოადგენს ერთ-ერთ ფერად ქალაქს მსოფლიოში. ბევრი ნათელი ფერი პოზიტიურ განწყობას შეგიქმნით და ლამაზ ქუჩებში სეირნობა მთელი დღის განმავლობაში არ მოგბეზრდებათ.
ჭრელ, ფერად სივრცეში ყოფნისას სრულებით შესაძლებელია ვერც კი შენიშნოთ ქალაქის პაწაწინა სიმბოლოები, რომელთაც ყველგან დაიდეს ბინა - ვროცლავის ცენტრშიც და გარეუბანშიც.
20-30 სანტიმეტრის ბრინჯაოს სკულპტურა ქალაქში თავდაპირველად 2005 წელს გამოჩნდა. ჯუჯამ ჯერ ადგილობრივების ყურადღება მიიპყრო და მოგვიანებით არც ტურისტთა გულის მოგება გასჭირვებია.
დღეს სკულპტურათა საერთო რაოდენობა 350-ს აღწევს.
ზოგიერთი მათგანი კითხულობს, ზოგიერთი გიტარაზე უკრავს, რამდენიმე ხატავს კიდეც. სხვადასხვა „საქმიანობით დაკავებული“ ჯუჯები ყველგან „ცხოვრობენ“. სკულპტურას შეიძლება შეხვდეთ შადრევანთან, შუქნიშანთან, გაჩერებაზე, სკამზე, ხიდზე...
სპეციალური ტურისტული ატრაქციონი შეიქმნა სახელწოდებით „იპოვე ჯუჯა“. ნებისმიერ ტურისტულ ცენტრში მოითხოვეთ ბროშურა ან სმარტფონში გადმოწერეთ აპლიკაცია, სადაც მარტივი მინიშნებითაა მითითებული თუ სად „ცხოვრობს“ ჯუჯა.