ინფარქტის, ანუ გულის შეტევის სიმპტომები.
ინფარქტი ყალიბდება მაშინ, როდესაც გულს აღარ მიეწოდება სისხლი (როდესაც გარკვეული რისკ-ფაქტორების გამო შეზღუდულია სისხლის მიწოდების ნორმალური პროცესი).
არაერთი მიზეზის (ცხიმი, ქოლესტეროლი, სხვა მავნებელი ნივთიერებების დაგროვება) ფონზე კორონარულ არტერიებში ფოლაქი ფორმირდება. სისხლის მიმოქცევის უნარის დარღვევა იწვევს გულის კუნთის დაზიანებას ან მის სრულ განადგურებას.
ინფარქტი ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადებაა - სამწუხაროდ, არსებობს
სიკვდილის რისკი! სწორედ ამ საფრთხის გამო აუცილებელია ყველა ადამიანმა იცოდეს სიმპტომების შესახებ და შეძლოს დაზარალებულის დახმარება. დიახ, სიმპტომების გამოვლენისთანავე პაციენტი სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს კლინიკაში, გულის შეტევის დროს ყოველი წამი გადამწყვეტია.
ინფარქტის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება, ნუ დაელოდებით მდგომარეობის გაუმჯობესებას. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში შეტევა მოულოდნელად ყალიბდება და ინტენსიურია. თუმცა, ძირითადად, ბევრ პაციენტს ინფარქტი ნელა უვითარდება, მსუბუქი ტკივილი და დისკომფორტი აწუხებს.
ინფარქტის სიმპტომებია:
- დისკომფორტი გულმკერდის არეში. პაციენტი გრძნობს დისკომფორტს გულმკერდის ცენტრში და ეს ჩივილი გრძელდება რამდენიმე წუთის განმავლობაში ან ქრება და შემდეგ ისევ ბრუნდება. შეიძლება გამოიხატოს არაკომფორტული წნევის/ზეწოლის, შეკუმშვის, მოჭერის, სისავსის შეგრძნებით ან ტკივილით;
- დისკომფორტი სხეულის ზედა, სხვა არეში. შესაძლოა უჩიოდეთ ტკივილს ან დისკომფორტს ერთ ან ორივე მკლავში, კისერში, ზურგში, ყბასა თუ მუცელში, კუჭში;
- სუნთქვის უკმარისობა. სუნთქვის უკმარისობას შესაძლოა თან ერთვოდეს გულმკერდის დისკომფორტიც.
აღსანიშნავია, რომ გულის შეტევა შესაძლოა მიმდინარეობდეს სხვა სიმპტომებითაც, მაგალითად: ცივი ოფლი, გულისრევა ან გულის წასვლის შეგრძნება.
სიმპტომები განსხვავებულია ქალისა და მამაკაცის ორგანიზმში
როგორც კაცების, ისე ქალების შემთხვევაში გულის შეტევის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია გულმკერდის ტკივილი ან დისკომფორტი. თუმცა მამაკაცებთან შედარებით ქალ პაციენტებში გაცილებით ხშირად ფიქსირდება სხვა დამატებითი ნიშნები, კერძოდ: სუნთქვის უკმარისობა, გულისრევა/ღებინება, ზურგისა თუ ყბის ტკივილი.
წყარო:
https://www.heart.org/en/health-topics/heart-attack/warning-signs-of-a-heart-
attack