დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკა მედიცინის დარგია, რომელიც სწავლობს ავადმყოფობის ნიშანთვისებებს, დიაგნოზის დასმის მეთოდებსა და პრინციპებს. თანამედროვე მედიცინა იცნობს დიაგნოსტირების არერთ საშუალებას, როგორებიცაა:

  • რენტგენი
  • კტ - კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • მრტ - მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია 

რენტგენი

რენტგენი იყენებს რადიაციული მაიონიზირებელი გამოსხივების მცირე დოზებს. ის წარმოადგენს სამედიცინო ვიზუალიზაციის უძველეს და ყველაზე ხშირად გამოყენებად მეთოდს.

რუტინული რენტგენი გამოიყენება ძვლების, კბილების, ფილტვების, კუჭ-ნაწლავის და სარძევე ჯირკვლების ანომალიების და დაავადებების დიაგნოსტირების მიზნით.

ეს ტესტი არის სწრაფი, მარტივი, უმტკივნეული და სხვებთან შედარებით იაფი, მაგრამ საჭიროა იმის გათვალისწინება რომ შემდგომში დეტალური გამოკვლევისთვის შეიძლება საჭირო გახდეს უფრო რთული და ზუსტი ვიზუალიზაციის მეთოდების გამოყენება, როგორიც არის კონტრასტული რენტგენი, ექო, კტ ან მრტ.

რადიაციული გამოსხივების დოზა გამოყენებული რენტგენის დროს არის მინიმალური საჭირო დოზა გამოსაკვლევი მიდამოს კარგი გამოსახულების მისაღებად. ამის მიუხედავად, რენტგენის ჩატარება არაა რეკომენდებული ორსული ქალებისთვის ნაყოფისთვის ზიანის მიყენების პოტენციური რისკის არსებობის გამო.

ულტრაბგერა

ულტრაბგერა არის ხშირად გამოყენებული ტესტირება, რომლის დროსაც ორგანიზმის სტრუქტურების გამოსახულების მიღება ხდება ადამიანის ყურისთვის აღუქმელი მაღალი სიხშირის ტალღების საშუალებით. რადგან მეთოდი არ იყენებს რადიაციულ გამოსხივებას ის სრულად უვნებელია.

სკანირება უმტკივნეულოა და საშუალოდ გრძელდება 15-45 წუთი, რაც დამოკიდებულია ორგანიზმის გამოსაკვლევ ნაწილზე. მიღებული გამოსახულება შეიძლება დაიბეჭდოს სურათების ან ჩაიწეროს ვიდეოს სახით.

ულტრაბგერის დახმარებით ხდება ისეთი შინაგანი ორგანოების ფორმის, სიმკვრივის და ზომის დადგენა როგორიც არის ღვიძლი, პანკრეასი, ნაღვლის ბუშტი, საკვერცეები, სათესლეები, შასვილოსნო და სხვა; ასევე ხდება სახსრების, კუნთების და იოგების სტრუქტურის განსაზღვრა. ულტრაბგერა რუტინულად გამოიყენება ორსულებში, ნაყოფის ზრდა-განვითარების დინამიური დაკვირვებისთვის. დოპლერ ტესტი წარმოადგენ სპეციალიზირებულ ულტრაბგერით კვლევას, რომლის საშუალებითაც ხდება ნაყოფის გულისცემის მოსმენა ან კიდურების არტერიებსა და ვენებში, სისხლის ნაკადის განსაზღვრა, რათა დიაგნოსტირებული იყოს ღრმა ვენების თრომბოზი, პერიფერიული ატრერიების დაავადება, სისხლძარღვების ტრავმული დაზიანება. დუპლექს სკანირება წარმოადგენს ტრადიციული ულტრაბგერის და დოპლერ ტესტის კომბინაციას.

თუ პაციენტი საჭიროებს დამიზნებით ბიოფსიას, პროცედურა შესაძლოა ჩატარებულ იქნას ულტრაბგერის დახმარებით, რათა ბიოფსიის ნემსი მოხვდეს სწორად გამოსაკვლევ ქსოვილში.

ზოგ შემთხვევაში უფრო ნათელი გამოსახულების მიღების მიზნით გამოიყენება ულტრაბგერითი გადამცემები რომლებიც თავსდება ორგანიზმის შიგნით: საყლაპავში, საშოში ან სწორ ნაწლავში.

ექო არის აბსოლუტურად უვნებელი სამედიცინო ვიზუალიზაციის მეთოდი ნებისმიერი ასაკის და მდგომარეობის პაციენტისთვის. 

კომპიუტერული ტომოგრაფია

კტ სკანირება წარმოადგენს გართულებულ რენტგენ ტესტს, რომელიც წარმოქმნის ადამიანის ორგანიზმის ნაწილების მრავლობით გამოსახულებას. კომპიუტერული ტომოგრაფია იძლევა შინაგანი ორგანოების, რბილი ქსოვილების, სისხლძარღვების, თავის ტვინის და ძვლების საკმაოდ დეტალური გამოსახულების მიღების საშუალებას.

სკანირება წარმოებს განივ ჭრილში, შემდგომ კომპიუტერის დახმარებით ხდება მიღებული მონაცემების რეფორმატირება და სამ განზომილებიანი გამოსახულების მიღება. გამოსახული შესაძლოა დაიბეჭდოს სურათების სახით და ჩაიწეროს CD ან DVD დისკზე მკურნალ ექიმთან შემდგომი განხილვის მიზნით.

სპეციალიზირებული აღჭურვილობისა და პაციენტის კტ გამოსახულების მიღების და ინტერპრეტაციის გამოცდილების გამოყენებით ექიმ-რადიოლოგს შეუძლია კარდიოვასკულური, საყრდენ-მამოძრავებელი, კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევების, ანთებითი ან ინფექციური დაავადებების, შინაგანი სისხლდენის, ტრავმის შედეგების, სიმსივნის, ინსულტის და სხვა პრობლემების დიაგნოსტირება.

კტ აგრეთვე გამოიყენება:

  • ბიოფსიისა და სხვა ინტერვენციული პროცედურებისათვის, როგორიცაა აბსცესის დრენირება ან მინიმალურად ინვაზიური კიბოს მკურნალობა;
  • ოპერაციების დასაგეგმარებლად და შედეგების შესაფასებლად;
  • კიბოს სტადიის დასადგენად, მისი რადიაციული მკურნალობის დაგეგმარებისა და დინამიური ადმინისტრირებისათვის;
  • ძვლების მინერალური სიმკვრივის გასაზომად და ოსტეოპოროზის გამოსავლენად;

კტ სკანირება არის სწრაფი, არაინვაზიური და ზუსტი კვლევა.  მრტ-სთან შედარებით ის უფრო იაფია და ნაკლებად მგრძნობიარეა პაციენტის მოძრაობის მიმართ.

რამდენიმე რისკი რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული:

  • სკანირების დროს პაციენტი იღებს რადიაციული გამოსხივების გარკვეულ დოზას, რის გამოც კტ-ს ჩატარება ორსულებისთვის რეკომენდებული არ არის;
  • ბავშვები უფრო მგრძნობიარეები არიან რადიაციული გამოსხივების მიმართ. მათ არ უნდა ჩაუტარდეთ კტ კვლევა მანამ, სანამ ეს არ არის გარდაუვალი აუცილებლობა დიაგნოზის დასასმელად. ასევე თავი უნდა შევიკავონ კტ კვლევის განმეორებით ჩატარებისგან, თუ ეს არ არის აუცილებლობით განპირობებული.
  • სკანირების დროს თუ გაჩნდა ინტრავენული კონტრასტირების აუცილებლობა, უნდა მოხდეს პაციენტის გამოკვლევა თირკმლების ფუნქცია.

მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია

მრტ სკანირება არის უმტკივნეულო და უსაფრთხო მეთოდი, რომლის დროსაც ხდება ორგანიზმის შინაგანი სტრუქტურების გამოსახულების მიღება ძლიერი მაგნიტური ველის და რადიოტალღების საშუალებით.

მრტ სკანირების დროს მიიღება ორგანიზმის უმეტესი ნაწილის ნათელი გამოსახულება. სწორედ ამის გამოა ეს მეთოდი მნიშვნელოვანია, როდესაც ვიზუალიზაციის სხვა საშუალებები ვერ იძლევიან საკმარის ინფორმაციას დიაგნოზის დასმისთვის.

კტ სკანირებისგან განსხვავებით, რომელიც საჭიროებს რამდენიმე წუთს, მრტ გამოკვლევა გრძელდება საშუალოდ 20-45 წუთს, რომლიც განმავლობაშიც პაციენტი უნდა იყოს სრულად უმოძრაოდ. კიდევ ერთი უხერხულობა მრტ კვლევის კტ კვლევასთან შედარებით არის კვლევის დროს საგრძნობი ხმაური.

სკანირების წინ პაციენტი ვალდებულია შეავსოს სპეციალური კითხვარი.

ძლიერი მაგნიტური ველის არსებობის გამო მრტ კვლევის ჩატარება რეკომენდებული არაა ორსული ქალებისთვის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში, მანამ, სანამ პოტენციური სარგებელი არ აჭარბებს პოტენციურ ზიანს.

თუ პაციენტს ეშინია დახურული სივრცის ან აქვს შფოთვის ეპიზოდები შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალი ექიმის კონსულტაციის ჩატარება და კვლევის წინ დამამშვიდებელი პრეპარატის მიღება.

მრტ კვლევის დროს უმოძრაოდ ყოფნის აუცილებლობის გამო ჩვილები და ბავშვები ხშირად საჭიროებენ სედაციას ან ანესთეზიას, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება სპეციალიზებული ექიმის ან ექთნის მიერ.

ძლიერი მაგნიტური ველის არსებობის გამო, მრტ კვლევა უკუჩვენებაა პაციენტებისათვის, რომლებსაც ორგანიზმში აქვს გარკვეული სამედიცინო იმპლანტები. ასეთი იმპლანტებია:

  • კოქლეარული (ყურის) იმპლანტები;
  • თავის ტვინის ანევრიზმების მკურნალობისთვის გამოყენებული გარკვეული სახის კლიფსები;
  • სისხლძარღვების დაავადებების მკურნალობის პროცესში სანათურში მოთავსდებული გარკვეული სახის მეტალის რგოლები;
  • ყველა სახის კარდიოდეფიბრილატორი და კარდიოსტიმულატორი;
  • იმპლატირებული ინფუზიური პორტები;