პლასტიკური ქირურგია მოიცავს ადამიანის სხეულის აღდგენას, რეკონსტრუქციას ან ცვლილებას. ის მოიცავს ორ მთავარ მიმართულებას: პირველი - რეკონსტრუქციული ქირურგია, რომლის მიზანი არის სხეულის ნაწილის აღდგენა და მისი ფუნქციონირების გაუმჯობესება; მეორე - კოსმეტიკური ან ესთეტიკური ქირურგია, რომლის მიზანია ადამიანის გარეგნობის გაუმჯობესება.
რეკონსტრუქციული ქირურგია ტარდება იმ სხეულის ნაწილების მკურნალობის მიზნით, რომლებიც ესთეტიკურად ან ფუნქციურად დაზიანებულია თანდაყოლილი დეფექტებია, განვითარების ანომალიების, დამწვრობის, ინფექციების, სიმსივნეების ან სხვა დაავადებების გამო. ჩვეულებრივად ეს კეთდება ასეთი სხეულის ნაწილების ფუნქციის და შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, თუმცა შესაძლოა გაკეთდეს დაზიანებული მიდამოს უფრო ჩვეული გარეგნული იერის მისაღწევად. რეკონსტრუქციული ქირურგიის საფასური როგორც წესი იფარება სადაზღვეო პოლისების მიერ, თუმცა დაფინანსების პროცენტული მაჩვენებელი მერყეობს ოპერაციული ჩარევის ტიპის მიხედვით. რეკონსტრუქციული ქირურგიის პროცედურებს მიეკუთვნება: გაყოფილი ტუჩის და სასის მკურნალობა, მკერდის აღდგენა, გიგანტური ხალების მოშორება, პენიკულექტომია (ზედმეტი კანის და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის მოშორება მუცლის ქვედა მიდამოდან), ნაწიბურების რევიზია (ზომის შემცირება), სეპტოპლასტიკა, ქსოვილის ექსპანსირება (კანის დეფექტის მიდამოში ქსოვილის ზრდის სტიმულაცია, ყველაზე ხშირად გამოიყენება მკერდის რეკონსტრუქციის მიზნით მკერდის მოკვეთის შემდგომ) და სხვა.
ესთეტიკური პლასტიკური ქირურგია მოიცავს ქირურგიულ და ასევე არაქირურგიულ პროცედურებს, რომლების ხელს უწყობენ სხეულის ნაწილების შეცვლას გარეგნობის გაუმჯობესების და თვითდაჯერებულობის ამაღლების მიზნით. ჯანმრთელი ადამიანები პოზიტიური განწყობით და რეალისტური მოლოდინებით არიან შესაფერისი კანდიდატები კოსმეტიკური პროცედურებისთვის. კოსმეტიკური ქირურგია არის არა საჭიროება/აუცილებლობა, არამედ ადამიანის პირადი არჩევანი, რის გამოც ამ პროცედურების დაფინანსება სადაზღვეო პოლისების მიერ არ ხდება. კოსმეტიკური ქირურგია მოიცავს ისეთ ჩარევებს როგორიც არის: მკერდის გადიდება, მისი ლიფტინგი (აწევა) ან შემცირება, ლიპოსაქცია, სხეულის სხვადასხვა ნაწილების ლიფტინგი, ბიშის სხეულაკების ამოღება, ბლეფაროპლასტიკა, რინოპლასტიკა, სახის კანის ლიფტინგი, სახის იმპლანტები, ბოტულოტოქსინის ინიექციები, ქიმიური პილინგი, დერმული ინიექციები, თმის მოშორება ლაზერით, ვენური ქსელის მკურნალობა, გინეკომასტიის მკურნალობა, თმის გადანერგვა, ვაგინალური გაახალგაზრდავება (ვულვოვაგინალური პლასტიკა) და სხვა.