მცხეთა

მცხეთა

მცხეთა საქართველოს უძველესი დედაქალაქია, თბილისიდან 15 კილომეტრის მოშორებით. ადგილი, რომელსაც უკავშირდება ქართველი ერის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება. მცხეთიდან იწყება ქრისტიანობის ისტორია საქართველოში. მცხეთაშია დაფლული ქრისტიანულ სიწმიდეთა შორის ქართველთათვის უდიდეს - უფლის კვართი. სატახტო ქალაქი  გამოცხადებულია ქალაქ-მუზეუმად და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. მცხეთისა და "დიდი მცხეთის" ტერიტორია დასახლებული იყო ადრინდელი და შუა ბრინჯაოს ხანიდან (ძვ.წ. III-II ათასწლეული). ძვ.წ. IV საუკუნის ბოლოდან მცხეთა ახლად წარმოქმნილი ქართლის (იბერიის) სამეფოს პოლიტიკური ცენტრია.

მცხეთის უძველესი სამონასტრო და საეკლესიო მემკვიდრეობა საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს გულგრილს არ ტოვებს, ქრისტიანული მცხეთის ისტორია არსებითად საკათალიკოსოსა და წმინდა სავანეების ისტორიაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი - სვეტიცხოველია.                   ქართველებისთვის სვეტიცხოველი დღესაც უპირველესია ტაძართა შორის, მცხეთა კი - ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ერთიანად მომცველი. მცხეთა ქართველთა საამაყო წარსულის სიმბოლოდ ქცეული ქალაქია.