საქართველოს დასავლეთ ნაწილში, მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე, ქალაქ ონიდან 10 კმ-ში მდებარეობს უმშვენიერესი მთის კურორტი ბალნეოლოგიური ცენტრით - უწერა. მთიანი ზონა, გამორჩეული ლანდშაფტით, უნიკალური სამკურნალო-მინერალური წყლებით, განსაკუთრებულ ელფერს სძენს დაბის, როგორც რეკრეაციული ზონის მნიშვნელობას. უწერის ბალნეოლოგიური ცენტრი მთლიანად მოქცეულია წიწვოვან-ნაძვნარ და შერეული ტყის შუაგულში. ჰავა და ულამაზესი ბუნება თავისთავად საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა და მას სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი შერეული ფაქტორები ემატება. უწერა უნიკალურია 28 სახის მინერალური, თვითდინებადი წყლით. აქ ხშირად ისვენებენ პაციენტები კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა პათოლოგიებით. მოზარდთა გაკაჟებისა და პროფილაქტიკის მიზნით უწერა, თავისი კლიმატური პირობებით, ჰავითა და მინერალური წყლებით საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო კურორტადაა აღიარებული.