ნუნისი ლიხის (სურამის) ქედის მთისწინეთში მდებარე ამ კურორტის სიმაღლე ზღვის დონიდან 750-800 მეტრია. ფოთლოვანთან (მუხა, წიფელი, რცხილა) ერთად აქ შეგხვდებათ წიწვოვანი (ფიჭვი, ნაძვი, სოჭი) ტყეებიც. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია დაბალი მთის სუბტროპიკული ჰავა და აზოტიანი, ეთანიანი, სუსტად სულფიდური, კაჟიანი, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ-კარბონატული, ნატრიუმიანი (და კალციუმ-ნატრიუმიანი) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,2-0,4 გ/დეციმეტრ კუბზე. მკურნალობენ მინერალური წყლის აბაზანებით, პასიური კლიმატოთერაპიით. ჩვენებები: კანის დაავადებები - ფსორიაზი (ქრონიკული სტადია) ერითროდერმიის ზამთრის ფორმის გარეშე, ართრალგიისა და ართროზის საწყისი ფორმებით, რენტგენოლოგიური ცვლილებების გარეშე, ნეიროდერმიტი, სებორეული ეგზემა, კანისა და სისტემური სკლეროდერმია ძვალ-სახსართა სისტემის დაზიანებით, ვისცერულ ორგანოებში გამოხატული ცვლილებების გარეშე, მსუბუქი ქავილი პიოდერმიის გარეშე, ჭინჭრის ციება - ალერგიული, მსუბუქი ფორმის, გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემის დაავადებები, შარდსასქესო სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებები, ძვალ-სახსართა და ნერვული სისტემის დაავადებები და სხვა.
