მესხეთის (აჭარა-იმერეთის) ქედის ფერდობებზე შეფენილი ეს კურორტი ზღვის დონიდან 1913-1990 მეტრზე მდებარეობს. აქ კლიმატს საშუალო მთისა (ზედა სარტყელი) და ზღვის ჰავის შეხამება ქმნის. ბახმარო განსაკუთრებით სასარგებლოა ზაფხულში, რადგან ზამთარი აქ საკმაოდ ცივია, თოვლის საფარი კი ძალიან მაღალია (ზოგჯერ მისი სიმაღლე 4-5 მეტრს აღწევს) და 6 თვემდე რჩება. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვის ჰავასთან შეხამებული საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა. მკურნალობენ პასიური და აქტიური (ჰაერისა და მზის აბაზანები) კლიმატოთერაპიით. ბახმაროში (ბაკურიანი, ბეშუმი, გომის მთა) მკურნალობის ჩვენებებია: გულის იშემიური დაავადება, პირველი ფუნქციური კლასის დაძაბვის სტაბილური სტენოკარდია, სხვადასხვა ეტიოლოგიის მიოკარდიოდისტროფიები, გულის სარქვლების შეძენილი მანკები მარცხენა ვენური ხვრელისა და აორტის გამოხატული სტენოზის გარეშე, აქტიური პროცესის ჩაცხრობიდან 6-8 თვის შემდეგ, ესენციური ჰიპოტენზია, ბრონქული ასთმა - მსუბუქად მიმდინარე, რემისიის სტადიაში, ქრონიკული არაობსტრუქციული ბრონქიტი რემისიის სტადიაში, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი რემისიის სტადიაში, რკინადეფიციტური ანემია (სისხლნაკლებობით, მძიმე პათოლოგიებით ან პოსტჰემორაგიული ავიტამინოზით გამოწვეული რკინის დეფიციტით).