დეპრესია - რა სიმპტომებით ვლინდება ფსიქოლოგიური  დარღვევა?

დეპრესია - რა სიმპტომებით ვლინდება ფსიქოლოგიური დარღვევა?

რა არის დეპრესია?

დეპრესია ფსიქოლოგიური აშლილობა, გუნება-განწყობილების დარღვევაა, რომელიც იწვევს სევდისა და ინტერესის დაკარგვის მუდმივ შეგრძნებას.

დარღვევა გავლენას ახდენს პაციენტის ფიქრზე, გრძნობაზე, ქცევაზე, ყალიბდება ემოციური და ფიზიკური პრობლემები.

დეპრესია საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება მედიკამენტური თერაპიის, ფსიქოთერაპიისა და მკურნალობის სხვა მეთოდების დახმარებით.

დეპრესიისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

  •  სევდიანობა, ტირილის სურვილი, უიმედობის, სიცარიელის განცდა;
  •  სიბრაზე და გაღიზიანება უმნიშვნელო დეტალებზეც კი;
  •  პაციენტი ინტერესს კარგავს ყოველდღიური საქმიანობის მიმართ;
  •  უძილობა ან ნორმაზე მეტი ძილი;
  •  დაღლილობა, უენერგიობა;
  •  მადის დაქვეითება და წონის კლება ან პირიქით;
  •  შფოთვა, აჟიტირება, მოუსვენრობა;
  •  შენელებულია ფიქრი, მეტყველება ან მოძრაობა;
  •  დანაშაულის შეგრძნება;
  •  ქვეითდება კონცენტრაციის, ფიქრის უნარი, პაციენტს უჭირს გადაწყვეტილების მიღება ან დამახსოვრება;
  •  აუხსნელი ფიზიკური პრობლემები, მაგალითად, ზურგის ტკივილი, თავის cტკივილი და სხვა.

გამომწვევი მიზეზი

სამწუხაროდ, დეპრესიის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ხელშემწყობი ფაქტორებია: თავის ტვინის ქიმიური აქტივობა ან ტვინში მიმდინარე გარკვეული ფიზიკური ცვლილებები, ჰორმონები, გენეტიკა.

რისკ-ფაქტორები

დეპრესია ხშირად ყალიბდება თინეიჯერებში, ასევე 20-დან 39 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში, თუმცა ამ ფსიქოლოგიური დარღვევისგან არავინაა დაზღვეული, შესაძლოა განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს.

დიაგნოზი უფრო ხშირია ქალებში.

დეპრესიის რისკი იზრდება შემდეგი ფაქტორების ფონზე:

  •  პიროვნების ხასიათი (დაბალი თვითშეფასება, ზედმეტი დამოუკიდებლობა, თვითკრიტიკისკენ მიდრეკილება, პესიმიზმი);
  •  ცხოვრებაში გადატანილი ტრავმული, სტრესული მოვლენა;
  •  დეპრესიით ავადობის ოჯახური ანამნეზი;
  •  თუ სისხლით ნათესავს ჰქონდა ბიპოლარული აშლილობა, ებრძოდა ალკოჰოლიზმს;
  •  ანამნეზში სხვა მენტალური დარღვევის არსებობა;
  •  სერიოზული ან ქრონიკული დაავადებით ავადობა;
  •  ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი და სხვა.

გართულებული კლინიკური შემთხვევა


დეპრესია სერიოზული დარღვევაა და არ არის უბრალოდ ცუდ განწყობაზე ყოფნა; მისი მართვა უნდა ანდოთ სპეციალისტს. თავისით არ გაქრება და სამწუხაროდ, თუ დროულად არ უმკურნალებთ სიმპტომები უფრო მეტად გამწვავდება.

არანამკურნალებელ შემთხვევაში დეპრესია პროგრესირებს, იწვევს როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ პრობლემებს.

დეპრესიის გართულებული კლინიკური შემთხვევების მაგალითებია:

  •  სიმსუქნე, რომლის გამოც შესაძლოა ჩამოყალიბდეს დიაბეტი და გულის დაავადება;
  •  ტკივილი ან ფიზიკური დაავადება;
  •  ალკოჰოლზე ან ნარკოტიკზე დამოკიდებულება;
  •  შფოთვა, პანიკური აშლილობა, საზოგადოებაში ყოფნის შიში;
  •  კონფლიქტი ოჯახის წევრებთან, პრობლემები პირად ურთიერთობებში, შენიშვნები და უკმაყოფილება სამსახურში;
  •  სოციალური იზოლაცია და სხვა.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/depression/symptoms-
causes/syc-20356007