რა არის ემოციური შიმშილი?
როცა მოწყენილი ხართ პირველი მაცივარი გახსენდებათ? ემოციური შიმშილი მხოლოდ თქვენ არ გაწუხებთ, მოწყენილობას ბევრი ადამიანი საკვებით ებრძვის და სამწუხაროდ, შემდეგ ზედმეტ კილოგრამებთან გამკლავება უწევს.
ფსიქოლოგების განმარტებით, ემოციური შიმშილი არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი საკვებს იღებს სტრესული სიტუაციის ფონზე. შეიძლება მიირთმევდეთ მოწყენილობის გამო, სამსახურში მძიმე დღის შემდეგ - ერთი სიტყვით საკვებს იღებთ, თუმცა არ გშიათ.
ემოციური შიმშილის გამომწვევი მიზეზებია:
- სტრესი;
- მოწყენილობა. დიახ, ეს ყველაზე გავრცელებული მიზეზია. როცა ადამიანს საქმე არ აქვს, მოწყენილია და დროის გაყვანა სურს, როგორც წესი, უმეტესად საკვები ახსენდება;
- შეიძლება ემოციური შიმშილის მიზეზი ნოსტალგია, ტკბილი მოგონება იყოს. მაგალითად, უეცრად გაგახსენდათ ბავშვობა და გემრიელი ნაყინი, რომელსაც ბაბუა გყიდულობდათ;
- დაღლილობა;
- გარემო. რთულია პიცაზე უარი თქვა, როდესაც ოჯახის წევრები ან მეგობრები გემრიელად სადილობენ.
ემოციური შიმშილის დასაკმაყოფილებლად ადამიანები ჭარბი რაოდენობით საკვებს მიირთმევენ და როგორც წესი, რაციონი არაჯანსაღია.
თუ ემოციური შიმშილისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ხშირად გაწუხებთ, რეკომენდებულია მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
ემოციური შიმშილი და ფიზიკური შიმშილი - როგორ მივხვდეთ გვშია თუ უბრალოდ მოწყენილები ვართ?
ფსიქოლოგების განმარტებით, ძალიან მარტივია ემოციური შიმშილი ფიზიკურ შიმშილში აგვერიოს. თუმცა რიგი მახასიათებლებით შეგვიძლია ერთმანეთისგან განვასხვავოთ როგორც ემოციური, ისე ფიზიკური შიმშილი.
შიმშილის გრძნობა სწრაფად აღმოცენდა თუ დროთა განმავლობაში?
ემოციური შიმშილი სწრაფად და მოულოდნელად ჩნდება.
გინდათ, რომ მიირთვათ კონკრეტული, სპეციფიკური საკვები?
ჩვეულებრივ, ემოციური შიმშილისას „გეპატიჟებათ“ სწრაფი კვების პროდუქტები ან არაჯანსაღი რაციონი. ფიზიკური შიმშილის დროს კი ორგანიზმს სჭირდება საკვები (ნებისმიერი, რაც გაქვთ სამზარეულოში).
არ უფიქრდებით რას მიირთმევთ?
გქონიათ შემთხვევა, როდესაც მექანიკურად გიჭამიათ, ანუ ყურადღება არ მიგიქცევიათ თუ კონკრეტულ მომენტში რას მიირთმევდით? მაგალითად, ტელევიზორის ყურების დროს მთლიანი ნაყინი ისე შემოგეჭამათ ვერც კი გაიაზრეთ. სწორედ ეს არის ემოციური შიმშილი.
შიმშილის გრძნობა კუჭიდან მოდის თუ ტვინიდან?
თუ კონკრეტული საკვები გაგახსენდათ და გაიფიქრეთ ეს უნდა მივირთვაო, თქვენ ემოციური შიმშილი გაქვთ.
საკვების მიღების შემდეგ თავი დამნაშავედ გიგრძვნიათ ან გინანიათ?
ემოციური შიმშილის შემდეგ ადამიანებს ხშირად აქვთ დანაშაულის შეგრძნება, განიცდიან ბევრი რომ მიირთვეს.
გახსოვდეთ, ფიზიკური შიმშილის დროს ორგანიზმი მხოლოდ რეკომენდებული დოზით საკვებს გთხოვთ და დანაყრების შემდეგ უარყოფითი შეგრძნება არასდროს გრჩებათ.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/320935#coping-strategies