ანტიბიოტიკებით გამოწვეული დიარეა

ანტიბიოტიკებით გამოწვეული დიარეა

რა უნდა გაითვალისწინოთ თუ ანტიბიოტიკებით მკურნალობთ?

ბაქტერიული ინფექციის სამკურნალო ანტიბიოტიკების გამო ადამიანს შესაძლოა განუვითარდეს დიარეა, ჰქონდეს ხშირი, თხიერი განავალი დღეში სამჯერ ან უფრო მეტჯერ.

აღნიშნულ მედიკამენტებთან ასოცირებული/დაკავშირებული ფაღარათი უმეტესად მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, შესაბამისად, პაციენტი სპეციფიკურ სამედიცინო მკურნალობას არ საჭიროებს.

თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ექიმთან მიმართვაა საჭირო, რადგან ხანგრძლივი დროით მიმდინარე ფაღარათის გამო მნიშვნელოვნად იზრდება გაუწყლოების რისკი.

თუ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, მკურნალი ექიმი ანტიბიოტიკოთერაპიის შეწყვეტის საჭიროების საკითხს დააყენებს ან სხვა მედიკამენტს გამოგიწერთ.

ანტიბიოტიკებით გამოწვეული დიარეასგან არავინაა დაზღვეული, თუმცა ფაღარათი უფრო მეტად მოსალოდნელია შემდეგ შემთხვევებში:

  • წარსულშიც მკურნალობდით ანტიბიოტიკებით და გაწუხებდათ დიარეა;
  • დიდი ხანია რაც ანტიბიოტიკებით მკურნალობთ;
  • ექიმმა დაგინიშნათ ერთზე მეტი ანტიბიოტიკი.

რეკომენდაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაუშვებელია ანტიბიოტიკის თვითნებურად მიღება. მედიკამენტი უნდა დაგინიშნოთ მედიკოსმა და მხოლოდ შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შემდეგ. ყოველთვის იხელმძღვანელეთ მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული დოზით, არ შეიძლება კურსის თვითნებურად შეცვლა.

წამლის მიღებისას უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენა - ვიდრე წამალს შეეხებით ხელები საპნით ან ანტისეპტიკური ხსნარით კარგად დაიმუშავეთ.

ექიმმა უნდა იცოდეს ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ - აუცილებლად დაუკავშირდით მედიკოსს თუ გამოგივლინდათ დიარეა ანტიბიოტიკის მიღების შემდეგ.

ექიმებისთვის უცნობია თუ ზუსტად რატომ ყალიბდება ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული დიარეა. ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიის თანახმად, ანტიბიოტიკის გამო კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ირღვევა ბალანსი კარგ და ცუდ ბაქტერიებს შორის.

როგორც წესი, ანტიბიოტიკოთერაპიის დასრულების შემდეგ პაციენტს აღარ აწუხებს დიარეა. თუმცა ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია და სწორედ ამიტომ დაუშვებელია ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის კურსის თუ მედიკამენტის თვითნებურად შეცვლა.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/antibiotic-associated-diarrhea/symptoms-causes/syc-20352231