კანის ქავილი გამაღიზიანებელი შეგრძნებაა და სერიოზულ დისკომფორტს იწვევს.
ეს მდგომარეობა ცნობილია პრურიტუსის სახელწოდებით და ქავილის მიზეზი უმეტესად მშრალი კანია. სიმპტომი გავრცელებულია ხანდაზმულებში, რადგან ასაკის მატებასთან ერთად კანი შრება.
ქავილის გამომწვევი მიზეზის შესაბამისად კანი შესაძლოა იყოს ნორმალური ვიზუალის ან შეწითლებული, უხეში.
ხშირი ქავილის გამო კანი უფრო მეტად ღიზიანდება, იზრდება ინფექციის განვითარების რისკი, შეიძლება გამონაყარიდან სისხლიც წამოვიდეს.
ადამიანების უმეტესობა დისკომფორტის შესამსუბუქებლად თვითმკურნალობას მიმართავს, კერძოდ, იყენებს დამატენიანებელ კრემს, სარგებლობს მსუბუქი გამწმენდი საშუალებებით, იღებს თბილ შხაპს. თუმცა ხანგრძლივი ეფექტისთვის აუცილებელია მდგომარეობა შეაფასოს სპეციალისტმა - უნდა დადგინდეს გამომწვევი მიზეზი და მკურნალობის კურსიც დიაგნოზის შესაბამისად დაინიშნოს.
აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგს თუ:
- მდგომარეობა არ გაუმჯობესდა თვითმკურნალობის მიუხედავად და ქავილი გაწუხებთ 2 კვირაზე მეტია;
- ქავილი იმდენად ძლიერია, რომ გიჭირთ ძილი და იძულებული ხართ შეცვალოთ ყოველდღიური ცხოვრების წესი;
- ქავილი აღმოცენდა სრულიად უმიზეზოდ და მოულოდნელად;
- ქავილი ედება მთლიან სხეულს;
- ქავილს ახლავს სხვა სიმპტომები: წონის კლება, ღამის ოფლიანობა, სიცხე.
გამომწვევი მიზეზი
კანის ქავილის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს სხვადასხვა მდგომარეობა, მაგალითად:
- დერმატიტი, ფსორიაზი, მუნი, დამწვრობა, ნაიარევი/ნაწიბური, ჭინჭრის ციება, მწერის ნაკბენი;
- შინაგანი დაავადებები: ღვიძლისა თუ თირკმლის დაავადება, ანემია, დიაბეტი, ლიმფომა ან მრავლობითი მიელომა, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები;
- ნერვული სისტემის დარღვევა;
- სხვადასხვა ფსიქიატრიული მდგომარეობა;
- ალერგიული რეაქცია.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/itchy-skin/symptoms-causes/syc-20355006