პოსტკოვიდური ხველა, სისუსტე - რა კვალს ტოვებს კორონავირუსი ორგანიზმში?

პოსტკოვიდური ხველა, სისუსტე - რა კვალს ტოვებს კორონავირუსი ორგანიზმში?

კორონავირუსი იმ ვირუსთა ჯგუფში შედის, რომელიც რესპირატორულ ინფექციებს იწვევს.

კორონავირუსისთვის (COVID 19) დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: სხეულის ტემპერატურის მომატება, ხველა, ყელის ტკივილი, ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დაკარგვა, თავისა და კუნთების ტკივილი, ზოგადი სისუსტე, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება ან მოსვენებულ მდგომარეობაში ქოშინი (რაც ადრე, სხვა დროს არ გქონიათ).

რა კვალი შეიძლება დატოვოს კორონავირუსმა ორგანიზმში?

ადამიანების უმეტესობა კორონავირუსს რამდენიმე კვირაში ამარცხებს, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი (მათ შორის ისინიც კი, რომელთაც დაავადების მსუბუქი ფორმა ჰქონდათ) პირველადი გამოჯანმრთელების შემდეგაც უჩივის სიმპტომებს.

ეს მდგომარეობა ცნობილია პოსტკოვიდური სინდრომის ან ხანგრძლივი კორონავირუსის სახელწოდებით.

COVID 19 (კორონავირუსი) - ხანგრძლივი ეფექტი/გავლენა

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში კორონავირუსის სიმპტომები შესაძლოა გაგრძელდეს თვეობით.

ვირუსმა შესაძლოა დააზიანოს ფილტვები, გული და ტვინი.

ხანგრძლივი დროით მიმდინარე კორონავირუსის სიმპტომების რისკის წინაშე არიან ხანდაზმულები და ის პირები, ვისაც სერიოზული თანმხლები დაავადებები აქვთ.

თუმცა ამ მდგომარეობისგან არც ახალგაზრდები და პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანები არიან დაზღვეულნი; ინფექციის შემდეგ ახალგაზრდებმა და ჯანმრთელმა ადამიანებმაც შეიძლება იგრძნონ თავი ცუდად, რამდენიმე კვირისა თუ თვის განმავლობაში.

ყველაზე გავრცელებული ნიშნები და სიმპტომები, რომელიც დიდხანს რჩება:

  • დაღლილობა;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • ხველა;
  • სახსრების ტკივილი;
  • ტკივილი გულმკერდის არეში.

ადამიანს შეიძლება ხანგრძლივი დროით აწუხებდეს სხვა სიმპტომებიც:

  • კუნთების ტკივილი ან თავის ტკივილი;
  • სწრაფი გულისცემა;
  • გემოს ან სუნის დაკარგვა;
  • მეხსიერებასთან, ძილთან ან კონცენტრირებასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • თმის ცვენა ან გამონაყარი.

კორონავირუსმა შესაძლოა ხელი შეუწყოს სისხლის კოლტების ფორმირებას. დიდი ზომის სისხლის კოლტი სახიფათოა, რადგან მის გამო იზრდება გულის შეტევისა და ინსულტის განვითარების რისკი.

სისხლის კოლტები მხოლოდ გულისთვის ან ტვინისთვის არ არის სახიფათო, დაზიანების რისკის წინაშეა ისეთი ორგანოებიც როგორიცაა: ფილტვები, ფეხები, ღვიძლი და თირკმელები.

გუნება-განწყობილებასთან დაკავშირებული პრობლემები და დაღლილობა

მოგეხსენებათ, მწვავე ფორმის კორონავირუსის შემთხვევაში პაციენტები ხშირად მკურნალობენ კლინიკაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე.

გამოჯანმრთელების შემდეგ სავსებით მოსალოდნელია განვითარდეს პოსტტრავმული სტრესული სინდრომი, დეპრესია და შფოთვა.

რასაკვირველია, პროგნოზი რთულია და წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს თუ რა გავლენა ექნება COVID-19-ს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, თუმცა მეცნიერებს მაგალითად მოჰყავთ ის ხანგრძლივი ეფექტი, რომელიც ვლინდება მსგავს ვირუსთან; მაგალითად, ვირუსი, რომელიც იწვევს მძიმე მწვავე რესპირატორულ სინდრომს.

თუ შევისწავლით იმ კლინიკურ შემთხვევებს, როდესაც პაციენტები მწვავე რესპირატორული სინდრომისგან განიკურნენ, აღმოვაჩენთ, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ბევრ ადამიანს განუვითარდა ქრონიკული დაღლილობის სინდრომი.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი კომპლექსური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს დაღლილობის ძლიერი, მწვავე შეგრძნება. სინდრომის დროს დაღლილობა უარესდება ფიზიკური ან გონებრივი აქტივობით და მდგომარეობა არ უმჯობესდება დასვენების მიუხედავად. იგივე შეიძლება დაფიქსირდეს კორონავირუსის შემთხვევაშიც.

რეკომენდაცია

ვინაიდან COVID-19 ახალი ვირუსია, მეცნიერებისთვის ბევრი რამ კვლავ უცნობია, ინფექციის შესახებ სხვადასხვა ტიპის კვლევა აქტიურად მიმდინარეობს.

უცნობია, ზუსტად არავინ იცის დროთა განმავლობაში რა კვალს დატოვებს კორონავირუსი ორგანიზმში, რა გავლენა ექნება ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე.

თანამედროვე მედიცინა ამ ახალ გამოწვევას ებრძვის და მეცნიერები მედიკოსებს მოუწოდებენ, გასცემენ რეკომენდაციას, რომ მკაცრად გაკონტროლდეს იმ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებმაც უკვე გადაიტანეს COVID-19 - მოწოდებულია ექიმებმა სათანადოდ შეისწავლონ ორგანიზმი, გაარკვიონ ადეკვატურად ფუნქციონირებს თუ არა ორგანოები გამოჯანმრთელების, ვირუსის დამარცხების შემდეგ.

სიფრთხილის დაცვისკენ მოუწოდებენ საზოგადოებასაც - ატარეთ პირბადე, მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, დაიცავით დისტანცია, ხელები ხშირად დაიბანეთ საპნით, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე დაუკავშირდით ექიმს.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/coronavirus/in-depth/coronavirus-long-term-effects/art-20490351