უკონტროლო ჭამის დაავადება, უკონტროლო კვების ეპიზოდი სერიოზული კვებითი აშლილობაა.
დარღვევის დროს ადამიანი უჩვეულოდ დიდი რაოდენობით საკვებს მიირთმევს და უჭირს საჭმელზე უარის თქმა. პაციენტი გრძნობს უხერხულობას და პირობას დებს რომ აღარ შეჭამს, მაგრამ ჭამის სურვილი უფრო ძლიერია.
დღესასწაულზე, როგორც წესი, ადამიანები გაცილებით ბევრს მიირთმევენ, თუმცა ამ დარღვევის დროს დიდი ულუფის მირთმევის სურვილი ქრონიკულ სახეს იღებს - სწორედ ამიტომ ამ მდგომარეობას უკონტროლო ჭამის დაავადებითაც მოიხსენიებენ.
სიმპტომები
დარღვევის მქონე პირთა დიდი ნაწილი მსუქანი ან ჭარბწონიანია, თუმცა პაციენტს შეიძლება ნორმალური, ჯანსაღი წონა ჰქონდეს.
პათოლოგიის დროს ვლინდება ქცევითი და ემოციური სიმპტომები, კერძოდ:
- პაციენტს შეუძლია უჩვეულოდ ბევრი საკვები მიირთვას და თუნდაც ყოველ 2 საათში;
- შეგრძნება, რომ ჭამის სურვილს ვერ აკონტროლებთ;
- საკვებს მაშინაც კი იღებთ, როცა მაძღარი ხართ და შიმშილი არ გაწუხებთ;
- სწრაფად მიირთმევთ;
- მანამდე ჭამთ, ვიდრე ზედმეტი საკვებისგან თავს ცუდად არ იგრძნობთ;
- გირჩევნიათ სადილობისას მარტო იყოთ ან სხვებისგან მალულად, ჩუმად ჭამოთ;
- კვების გამო გიპყრობთ დეპრესია, სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობა, ხასიათი გიფუჭდებათ;
- ხშირად დიეტობთ (მოსალოდნელია წონა ვერ დაიკლოთ).
ეს დარღვევა ბულემიაში არ აგერიოთ - ბულემიისგან განსხვავებით უკონტროლო ჭამის ეპიზოდის შემდეგ ადამიანი სულაც არ დარდობს ზედმეტ კალორიაზე და მიღებული საკვების ამოღებას ხელოვნური ღებინებით, კუჭის მოქმედებით ან ზედმეტი ვარჯიშით არ ცდილობს.
ამასთან, ყოველთვის აქვს მცდელობა დიეტა დაიცვას ან ჯანსაღი საკვები ნორმალური დოზით მიირთვას, თუმცა ზოგჯერ სწორედ დიეტის დაცვის მცდელობა სრულდება უკონტროლო ჭამის ეპიზოდებით.
კვებითი დარღვევის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. მეცნიერთა აზრით, დარღვევის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს გენეტიკა, ბიოლოგიური ფაქტორები, ხანგრძლივი დროით დიეტის დაცვა, ფსიქოლოგიური პრობლემები.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/binge-eating-disorder/symptoms-causes/syc-20353627