რა სიმპტომებით ვლინდება ფილტვის შეშუპება?

რა სიმპტომებით ვლინდება ფილტვის შეშუპება?

რას ნიშნავს ფილტვის შეშუპება?

ფილტვის შეშუპება მდგომარეობაა, რომლის დროსაც ფილტვებში ჭარბი რაოდენობით სითხე გროვდება.

ზედმეტი სითხის გამო ადამიანს სუნთქვა უჭირს.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ფილტვის შეშუპებას იწვევს გულის პრობლემები, თუმცა პათოლოგია შესაძლოა ჩამოყალიბდეს სხვა მიზეზითაც (პნევმონია, ტოქსინები, ზოგიერთი მედიკამენტი, გულმკერდის არეში მიღებული ტრავმა და სხვა).

უეცრად განვითარებული ფილტვის შეშუპება, რომელიც სამედიცინო ენაზე ცნობილია ფილტვის მწვავე შეშუპების სახელწოდებით, გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს. ფილტვის შეშუპება ზოგჯერ ფატალურად სრულდება, შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაავადების მართვა დაიწყოს დროულად.

მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირებაზე, თუმცა როგორც წესი, ძირითადად, პათოლოგიას მართავენ ჟანგბადის მიწოდებითა და მედიკამენტებით.

სიმპტომები

ფილტვის შეშუპებისთვის დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომები შესაძლოა მოულოდნელად გამოვლინდეს ან დროთა განმავლობაში განვითარდეს. სიმპტომატიკა დამოკიდებულია ფილტვის შეშუპების ფორმაზე, ტიპზე.

ფილტვის მწვავე შეშუპების სიმპტომებია:

  • სუნთქვის უკმარისობა, რომელიც უფრო მეტად მწვავდება ფიზიკური აქტივობის ან წოლის დროს;
  • მოხრჩობის, გაგუდვის შეგრძნება;
  • ხველა ქაფიანი ნახველით და ზოგჯერ სისხლით;
  • მძიმედ სუნთქვა, თითქოს ისმის სტვენის ხმაც;
  • სწრაფი, არარეგულარული გულისცემა;
  • ცივი და ერთგვარი წებოვანი კანი;
  • ტუჩმა შეიძლება შეიცვალოს ფერი და მიიღოს მოლურჯო შეფერილობა;
  • შფოთვა, მოუსვენრობა, მღელვარება.

 

ქრონიკული შეშუპების სიმპტომებია:

  • სუნთქვის უკმარისობა;
  • პაციენტს ღამით ეღვიძება ხველის ან უჰაერობის გამო და აქვს შეგრძნება თითქოს წამოჯდომით მდგომარეობა გაუმჯობესდება;
  • ფიზიკური აქტივობის დროს ქოშინი;
  • ხრიალი;
  • წონის სწრაფი მატება;
  • ქვედა კიდურების შეშუპება;
  • დაღლილობა;
  • ხველება.

ფილტვის შეშუპება შესაძლოა განვითარდეს მაღალმთიანი გარემოს გამო. მაგალითად, ეს მდგომარეობა ვითარდება მაშინ, როდესაც ზრდასრული ან ბავშვი მოგზაურობს თუ ვარჯიშობს მაღალმთიან რეგიონში.

ამ ტიპის ფილტვის შეშუპების სიმპტომებია:

  • თავის ტკივილი;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • ვარჯიშის უნარის დაქვეითება;
  • თავდაპირველად მშრალი ხველა, რომლის შემდეგაც ვლინდება ქაფიანი, ვარდისფერი ნახველი;
  • ძალიან სწრაფი გულისცემა (ტაქიკარდია);
  • სისუსტე;
  • ტკივილი გულმკერდის არეში;
  • დაბალი სიცხე.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/pulmonary-edema/symptoms-causes/syc-20377009