მალთაშუა დისკის თიაქარი

მალთაშუა დისკის თიაქარი

რა არის მალთაშუა დისკის თიაქარი?

მალთაშუა დისკის თიაქარი მოიცავს ხერხემლის სვეტის შემადგენელ მალებს შორის არსებული ხრტილოვანი წარმონაქმნის (მალების) პრობლემას.

მალთაშუა დისკის თიაქარი შესაძლოა განვითარდეს ხერხემლის ნებისმიერ არეზე და გააღიზიანოს ახლომდებარე ნერვები. ადგილმდებარეობის შესაბამისად, თიაქარმა შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი, დაბუჟება ან სისუსტე ხელისა თუ ფეხის არეში.

აღსანიშნავია, რომ ბევრ კლინიკურ შემთხვევაში პათოლოგია სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ქირურგიული ჩარევის საჭიროება ყოველთვის არ დგება.

სიმპტომები

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მალთაშუა დისკის თიაქარი უმეტესად ფიქსირდება წელის ან კისრის არეში.

სიმპტომატიკა იმის მიხედვით იცვლება თუ რა არეზეა გამოვლენილი პათოლოგია, განვიხილოთ დეტალურად.

ხელების ან ფეხების ტკივილი

თუ თიაქარი ზურგის ქვედა ნაწილშია, პაციენტი უჩივის დუნდულების, ბარძაყისა და წვივის ტკივილს. შეიძლება პაციენტი გრძნობდეს ტკივილს ტერფის არეშიც.

თუ დისკის თიაქარი კისერშია, სავარაუდოდ, შეგაწუხებთ მხრისა და მკლავების ტკივილი. პაციენტები ტკივილს აღწერენ როგორც მწველს და ბასრს.

დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება

მალთაშუა დისკის თიაქრის დროს დაზიანებული ნერვის არეში ადამიანებს აღენიშნებათ დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება.

სისუსტე

დაზიანებული ნერვი კუნთს ასუსტებს; ამ მდგომარეობის გამო პაციენტს უჭირს წონასწორობის დაცვა ან ნივთების აწევისა თუ დაჭერის უნარი მნიშვნელოვნად ქვეითდება.

ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სავსებით შესაძლებელია მალთაშუა დისკის თიაქარი მიმდინარეობდეს სრულიად უსიმპტომოდ და უფრო მეტიც, პაციენტი ხშირად ამ პათოლოგიის შესახებ მხოლოდ ხერხემლის არეში ჩატარებული კვლევის დროს იგებს.

გამომწვევი მიზეზი

მალთაშუა დისკის თიაქრის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია ასაკობრივი, ე.წ. დისკის დეგენერაცია. მოგეხსენებათ, ასაკის მატებასთან ერთად დისკი დრეკადობას, ელასტიკურობას კარგავს და მცირე დატვირთვის, დაჭიმვის შემთხვევაშიც კი დაზიანების რისკი მაღალია.

რასაკვირველია, გასათვალისწინებელია ისეთი იშვიათი შემთხვევებიც, როდესაც ზურგის არეში დაზიანების მიზეზია ტრავმული შემთხვევა, მაგალითად, დაცემა ან ზურგში ჩარტყმა.

რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება:

  • ჭარბი წონა;
  • ისეთი სამუშაო, რომელიც მძიმე ფიზიკურ შრომას მოითხოვს;
  • გენეტიკა;
  • თამბაქო.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/herniated-disk/symptoms-causes/syc-20354095