ინტრაკრანიალური ჰემატომა

ინტრაკრანიალური ჰემატომა

რა არის ინტრაკრანიალური ჰემატომა?

ინტრაკრანიალური ჰემატომა არის სისხლის დაგროვება თავის ქალაში. ამ მდგომარეობას ყველაზე ხშირად იწვევს ტვინში მდებარე სისხლძარღვის გასკდომა ან ავტოავარიითა თუ დაცემით, წაქცევით გამოწვეული ტრავმა.

ტვინის ქსოვილში ან თავის ქალის ქვეშ წარმოქმნილი სისხლჩაქცევა აწვება ტვინს.

თავის ზოგიერთი დაზიანება, ტრავმა შესაძლოა მსუბუქი იყოს, თუმცა ინტრაკრანიალური ჰემატომა პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგიაა და სასწრაფო სამედიცინო ჩარევას საჭიროებს, მაგალითად, ქირურგიულ ოპერაციას ან სისხლის ამოტუმბვას.

სიმპტომები

ინტრაკრანიალური ჰემატომას სიმპტომები შესაძლოა თავის ტრავმის მიღებისთანავე გამოვლინდეს ან სიმპტომატიკა რამდენიმე კვირის შემდეგ გამოიხატოს.

სავსებით შესაძლებელია პაციენტი თავის ტრავმის შემდეგ თავს კარგად გრძნობდეს და არაფერს უჩიოდეს - ამ პერიოდს ნათელი ინტერვალი ეწოდება.

ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • მზარდი თავის ტკივილი;
  • ღებინება;
  • გონების პროგრესირებადი დაკარგვა და ძილიანობა, მოდუნებულობა;
  • დაბნეულობა;
  • თავბრუსხვევა;
  • არათანაბარი ზომის თვალის გუგები;
  • გაუგებარი მეტყველება;
  • პარალიზი;
  • შესაძლოა ასევე გამოვლინდეს ლეთარგია, გულყრა, გონების დაკარგვა.

როდის მივმართოთ ექიმს?

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • გონების დაკარგვა;
  • მუდმივი თავის ტკივილი;
  • ღებინება, სისუსტე, ბუნდოვანი მხედველობა და ინტრაკრანიალური ჰემატომასთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები.

გახსოვდეთ, თავის არეში მიღებული დაზიანების შემდეგ შესაძლოა მაშინვე არ გამოვლინდეს სიმპტომები და აუცილებელია დააკვირდეთ ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ ცვლილებებს.

მნიშვნელობა არ აქვს რამდენად კარგად გრძნობს პაციენტი თავს, ტრავმა ნებისმიერ შემთხვევაში საფრთხილოა, აუცილებელია დაკვირვება, შესაბამისად, დაზარალებულს გვერდიდან არ მოცილდეთ და ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში დაუკავშირდით სასწრაფო დახმარებას.

სავსებით შესაძლებელია თავის ტრავმის გამო ადამიანმა მეხსიერება დაკარგოს და არც კი ახსოვდეს დაზიანების შესახებ.

გამომწვევი მიზეზი

ქალაშიდა სისხლდენის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი თავის ტრავმაა.

ადამიანმა თავის არეში დაზიანება შეიძლება მიიღოს ავარიის, დაცემის, სპორტული ტრავმის, თავდასხმის ან სხვა მიზეზის გამო.

ხანდაზმულ პირებში თავის არეში მიღებულმა მსუბუქმა დაზიანებამაც კი შესაძლოა გამოიწვიოს ჰემატომა და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ადამიანი იღებს სისხლის გამათხელებელ მედიკამენტს.

გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება სერიოზული დაზიანება გქონდეთ მაშინაც კი თუ ვიზუალურად არ ჩანს ღია ჭრილობა, სილურჯე ან სხვა სახის ტრავმა.

არსებობს ჰემატომას 3 კატეგორია:

  • სუბდურული ჰემატომა;
  • ეპიდურული ჰემატომა;
  • ინტრაცერებრული (ინტრაპარენქიმული) ჰემატომა.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/intracranial-hematoma/symptoms-causes/syc-20356145