რა არის სამედიცინო ტურიზმი?

რა არის სამედიცინო ტურიზმი?

ტურიზმის ინდუსტრიაში სულ უფრო პოპულარულ მიმართულებად ყალიბდება სამედიცინო ტურიზმი.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტურიზმის ამ მიმართულების განვითარება სახელმწიფო პოლიტიკის დონეზეა აყვანილი.

სამედიცინო ტურიზმი ახალი და სწრაფად განვითარებადი დარგია.

ტერმინი დასვენებისა და სამედიცინო მომსახურების შეთავსებას გულისხმობს.

სამედიცინო ტური პირობითად შეგვიძლია დავყოთ რამდენიმე ჯგუფად: დიაგნოსტირება, მკურნალობა, რეაბილიტაცია, ესთეტიკური მედიცინა.

დღეს თანამედროვე ცხოვრების შესაბამისად, დარგი ვითარდება, მაგრამ კაცობრიობისთვის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის სხვა რეგიონში გამგზავრება უცხო არც საუკუნეების წინ ყოფილა.

მაგალითად, პირველი ჩანაწერები, სადაც სამკურნალო მიზნით მოგზაურობაზეა საუბარი, ათასობით წელს ითვლის; კერძოდ, ბერძენი პილიგრიმები აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონიდან ანტიკური საბერძნეთის პატარა ქალაქ ეპიდაურუსში ჩასულან.

სპა ქალაქები და სანატორიუმები სამედიცინო ტურიზმის ადრეული ფორმაა. უკვე მე-18 საუკუნეში ევროპელი პაციენტები სპა დაწესებულებებს სტუმრობდნენ და ორგანიზმს მინერალური წყლით იკაჟებდნენ.

რა არის ძირითადი მოტივი, რომელიც ადამიანს საზღვარგარეთ მკურნალობისკენ უბიძგებს? არაერთ მიზეზთაგან ყველაზე ხშირად სახელდება თანამედროვე სამედიცინო აპარატურა და მკურნალობის მეთოდები.

სამედიცინო ტურიზმი აქტუალურია საქართველოშიც. ჩვენი ქვეყანა მინერალური და თერმული წყლების დიდი რაოდენობით გამოირჩევა, რაც არაერთ რეგიონში კურორტების განვითარების შესაძლებლობას იძლევა - საქართველოში ათეულობით გამაჯანსაღებელი კურორტია დარეგისტრირებული.

ცნობისათვის, სამედიცინო ტურიზმის კუთხით პოპულარული ქვეყნებია:

  • კანადა;
  • კუბა;
  • კოსტა-რიკა;
  • ეკვადორი;
  • ინდოეთი;
  • ისრაელი;
  • იორდანია;
  • მალაიზია;
  • მექსიკა;
  • სინგაპური;
  • სამხრეთ კორეა;
  • ტაივანი;
  • ტაილანდი;
  • თურქეთი;
  • აშშ.

კოსმეტიკური ქირურგიისთვის ყველაზე ხშირად მიემგზავრებიან შემდეგ ქვეყნებში მდებარე კლინიკებში:

  • არგენტინა;
  • ბოლივია;
  • ბრაზილია;
  • კოლუმბია;
  • კოსტა-რიკა;
  • კუბა;
  • ეკვადორი;
  • მექსიკა;
  • თურქეთი;
  • ტაილანდი;
  • უკრაინა.