რატომ ვითარდება ჰელიკობაქტერ პილორის ინფექცია?

რატომ ვითარდება ჰელიკობაქტერ პილორის ინფექცია?

რა უნდა იცოდეთ ჰელიკობაქტერ პილორის ინფექციის შესახებ?

ჰელიკობაქტერ პილორის ინფექცია ვითარდება მაშინ, როცა კუჭი ჰელიკობაქტერ პილორის ბაქტერიით ინფიცირდება.

ჩვეულებრივ, ადამიანი ინფიცირდება ბავშვობაში - აღნიშნული ინფექცია მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტს აქვს.

აღსანიშნავია, რომ ბევრმა ადამიანმა არც  კი იცის ინფექციით რომ ავადობს, რადგან დაავადების სიმპტომები არ უვლინდება.

პეპტიკური წყლულის ნიშნებისა თუ სიმპტომების განვითარებისას, ჰელიკობაქტერ პილორის ინფექციის გამოვლენის მიზნით, ექიმი დანიშნავს შესაბამის კვლევას. ჰელიკობაქტერ პილორის ინფექციის დადასტურების შემთხვევაში საჭირო გახდება ანტიბიოტიკებით მკურნალობა.

სიმპტომები

როგორც წესი, კლინიკურ შემთხვევათა უმეტეს ნაწილში ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

თუმცა თუ სიმპტომები გამოვლინდა ჰელიკობაქტერ პილორის ინფექციას ახასიათებს:

  • ტკივილი და წვის შეგრძნება მუცელში;
  • მუცლის ტკივილი, რომელიც მწვავდება მაშინ თუ ადამიანს არაფერი უჭამია, ანუ კუჭი ცარიელია;
  • გულისრევა;
  • მადის დაკარგვა;
  • ხშირი ბოყინი;
  • შებერილობა;
  • უმიზეზოდ წონის კლება.

როდის მივმართოთ ექიმს?

რასაკვირველია, ექიმს უნდა მიმართოთ მაშინ, როცა რომელიმე სიმპტომი გამოვლინდება.

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ შენიშნეთ შემდეგი:

  • მწვავე და ხანგრძლივი მუცლის ტკივილი;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • სისხლიანი ან შავი კუპრისებრი განავალი;
  • ღებინების დროს მასაში შენიშნეთ სისხლი ან პირნაღები მასა შავია და გაგონებთ ყავის ნალექს.

გამომწვევი მიზეზი

უცნობია ზუსტად როგორ ინფიცირდება ორგანიზმი ჰელიკობაქტერ პილორის ინფექციით.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ბაქტერია ადამიანს შეიძლება გადაეცეს ნერწყვთან, ღებინების დროს ამოღებულ მასასთან თუ განავალთან პირდაპირი კონტაქტით.

მეორე ვერსიის თანახმად, ბაქტერია ორგანიზმში აღწევს დაბინძურებული საკვებისა და წყლის მეშვეობით.

ინფექციის განვითარების რისკ-ფაქტორი უკვე ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტია.

გართულებული მდგომარეობა

ჰელიკობაქტერ პილორის ინფექციის გართულებაა:

  • წყლული;
  • გასტრიტი;
  • კუჭის კიბო.  

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/h-pylori/symptoms-causes/syc-20356171