ცხვირიდან სისხლდენის დროს ადამიანს ცხვირის შიგნითა ნაწილიდან სისხლი სდის.
პერიოდულად, იშვიათად ბევრ ადამიანს აქვს სისხლდენა ცხვირიდან - განსაკუთრებით ხშირია ბავშვებსა და ხანდაზმულებში.
სამედიცინო ენაზე მას ეპისტაქსისი ეწოდება.
მიუხედავად იმისა, რომ ცხვირიდან სისხლდენა შესაძლოა საშიში იყოს, როგორც წესი, მხოლოდ უმნიშვნელო დისკომფორტს წარმოადგენს და სახიფათო არ არის. ცხვირიდან სისხლდენა ხშირ მდგომარეობას განეკუთვნება იმ შემთხვევაში თუ ადამიანს იგი კვირაში ერთზე მეტჯერ განუვითარდება.
ცხვირიდან სისხლდენის გამომწვევი მიზეზი
ცხვირის ამომფენი ზედაპირი ბევრი პაწაწინა სისხლძარღვისგან შედგება. ეს სისხლძარღვები ზედაპირთან ახლოს მდებარეობს და ადვილად ზიანდება.
ცხვირიდან სისხლდენის ყველაზე გავრცელებული და ხშირი მიზეზებია მშრალი ჰაერი და ცხვირის თითით გაღიზიანება.
ცხვირიდან სისხლდენის სხვა გამომწვევი მიზეზებია:
- მწვავე სინუსიტი;
- ალერგია;
- სისხლის გამათხელებლები;
- ჰემოფილია;
- ქიმიური გამაღიზიანებლები;
- გაციება;
- უცხო სხეული ცხვირში;
- ცხვირის სპრეი;
- ცხვირის ტრავმა და სხვა.
ცხვირიდან სისხლდენის ნაკლებად ხშირი მიზეზია:
- ალკოჰოლი;
- ლეიკემია;
- ცხვირის სიმსივნე;
- პოლიპები ცხვირში;
- ცხვირის ოპერაცია;
- ორსულობა და სხვა.
ცნობისათვის, ცხვირიდან სისხლდენა არ არის მაღალი არტერიული წნევის სიმპტომი ან შედეგი, თუმცა იშვიათად და დიახ, შესაძლებელია, რომ მწვავე მაღალი არტერიული წნევის გამო გაუარესდეს ან გახანგრძლივდეს ცხვირიდან სისხლდენა.
როდის მივმართოთ ექიმს?
უმეტეს შემთხვევაში ცხვირიდან სისხლდენა არ არის სერიოზული და თავისით ან გარკვეული ზომების მიღების შემდეგ ჩერდება, წყდება. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში კლინიკაში მიმართვას საჭიროებს.
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ ცხვირიდან სისხლდენა გამოწვეულია:
- დაზიანების, ტრავმის გამო (მაგალითად, ავტოავარია);
- სისხლის რაოდენობა ბევრია;
- ხელს გიშლით სუნთქვაში;
- 30 წუთი ან მეტია არ ჩერდება სისხლი და მაშინაც კი თუ ხელით ცდილობთ შეჩერებას (კომპრესია);
- ცხვირიდან სისხლდენა 2 წლამდე ასაკის ბავშვს განუვითარდა.
რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს თუ ხშირად გაქვთ სისხლდენა ცხვირიდან და მნიშვნელობა არ აქვს რამდენად მარტივად აჩერებთ მას - ხშირი სისხლდენის მიზეზი დასადგენია!
თვითმკურნალობის ნაბიჯები ცხვირიდან იშვიათი სისხლდენის დროს:
- წამოჯექით და წინ გადაიხარეთ;
- მოუჭირეთ ცხვირს (ცერა და საჩვენებელი თითით) და ისუნთქეთ პირით;
- თითებით ცხვირი მოჭერილი გქონდეთ 10-15 წუთი;
- სისხლდენის შეჩერების შემდეგ არ გაიღიზიანოთ ცხვირი თითით ან არ გამოიხოცოთ. რამდენიმე საათის განმავლობაში არ დაიხაროთ და თავი უნდა გეჭიროთ გულის დონეზე მაღლა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/symptoms/nosebleeds/basics/definition/sym-20050914