რატომ გვტკივა თავი?

რატომ გვტკივა თავი?

თავის ტკივილი თითქმის ყველა ადამიანს გამოუცდია.

ადამიანების უმეტესობას ზოგჯერ თავი სტკივა, მაგრამ თუ ეს უსიამოვნო დისკომფორტი რამდენიმე დღის განმავლობაში გაწუხებთ, შესაძლოა ქრონიკული, ყოველდღიური თავის ტკივილი გქონდეთ.

სიმპტომები

ქრონიკულ, ყოველდღიურ თავის ტკივილს წარმოადგენს ტკივილი, რომელიც 15 დღის განმავლობაში გაწუხებთ ან მისგან 3 თვეზე მეტია ვერ გათავისუფლდით.

ნამდვილ, პირველად ქრონიკულ თავის ტკივილს არ იწვევს რაიმე მდგომარეობა თუ დაავადება.

ერთმანეთისგან განასხვავებენ მოკლევადიან და ხანგრძლივ ქრონიკულ, ყოველდღიურ თავის ტკივილს.

გრძელვადიანი თავის ტკივილის ეპიზოდი გრძელდება 4 საათზე მეტხანს და მოიცავს:

  • ქრონიკულ შაკიკს;
  • ქრონიკულ, ერთგვარი დაძაბვის ხასიათის მატარებელ თავის ტკივილს;
  • ახალ, ყოველდღიურ, მუდმივ თავის ტკივილს;
  • მუდმივ, ხანგრძლივ შაკიკს;
  • ჰემიკრანიას (ანუ თავის ძლიერი ტკივილის შეტევა და მეტწილად თავის ერთ-ერთ ნახევარში).

ქრონიკული შაკიკი

როგორც წესი, ეს ტიპი ვლინდება იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ შაკიკის ეპიზოდების ისტორია.

ქრონიკული შაკიკის დროს პაციენტი უჩივის შემდეგს:

  • ტკივილს, რომელიც ვლინდება თავის ერთ ან ორივე მხარეს;
  • პულსირებად, ფეთქვად შეგრძნებას;
  • ტკივილს, რომელიც ან საშუალო, ან მწვავე ხასიათისაა;
  • გულისრევის შეგრძნებას, ღებინებას ან ორივეს ერთად;
  • მგრძნობელობას სინათლესა და ხმაზე.

დაძაბულობის თავის ტკივილი

ამ ტიპის ტკივილის დროს ვლინდება:

  • ტკივილი თავის ორივე მხარეს;
  • ტკივილი მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა;
  • ტკივილის დროს პაციენტი გრძნობს მოჭერას, ზეწოლას, დაჭიმვას.

ახალი, ყოველდღიური, მუდმივი თავის ტკივილი

ამ ტიპის ტკივილი ვითარდება სრულიად მოულოდნელად და ჩვეულებრივ, იმ ადამიანებს აწუხებთ, რომელთაც არასდროს ჰქონიათ თავის ტკივილის ისტორია.

თავის ტკივილის პირველი ეპიზოდი გრძელდება 3 დღის განმავლობაში და პაციენტი უჩივის:

  • ტკივილს თავის ორივე მხარეს;
  • ტკივილს თან ახლავს მოჭერის, ზეწოლის შეგრძნება, მაგრამ არა პულსაციის;
  • ტკივილი მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა;
  • შეიძლება ჰქონდეს ქრონიკული შაკიკის ან ქრონიკული დაძაბულობის თავის ტკივილის მახასიათებლები.

ჰემიკრანია

ამ ტიპის თავის ტკივილის დროს ვლინდება შემდეგი ნიშნები:

  • ტკივილი გავლენას ახდენს თავის მხოლოდ ერთ მხარეზე;
  • ვლინდება ყოველდღიურად და არ ახასიათებს ტკივილისგან თავისუფალი პერიოდები;
  • იწვევს საშუალო სიმძიმის ტკივილს, რომელიც შეიძლება გამწვავდეს;
  • შესაძლოა ტკივილი გამწვავდეს და განვითარდეს შაკიკის მსგავსი სიმპტომები;
  • ტკივილი მსუბუქდება ტკივილგამაყუჩებლებით.

ამასთან, ჰემიკრანია თავის ტკივილს შეიძლება თან ახლდეს:

  • მტკივნეულ მხარეზე მდებარე თვალის ცრემლიანობა ან შეწითლება;
  • ცხვირის ღრუს დაცობა ან გამონადენი ცხვირიდან;
  • ქუთუთოს მოდუნება ან გუგის შევიწროება;
  • მოუსვენრობის შეგრძნება.

როდის მივმართოთ ექიმს?

პერიოდულად, იშვიათად აღმოცენებული თავის ტკივილი ხშირია და ჩვეულებრივ, სამედიცინო მეთვალყურეობას არ საჭიროებს.

თუმცა ექიმთან კონსულტაციის გავლას გირჩევთ თუ:

  • კვირაში ორჯერ ან მეტჯერ გაწუხებთ თავის ტკივილი;
  • თავის ტკივილის გამო ბევრი დღის განმავლობაში დალიეთ ტკივილგამაყუჩებელი;
  • თავის ტკივილის გასაყუჩებლად რეკომენდებულზე დიდი დოზის მედიკამენტი გჭირდებათ;
  • თავის ტკივილი გაუარესდა;
  • იმდენად გაუსაძლისი თავის ტკივილი გაქვთ, რომ ყოველდღიური საქმიანობის შესრულება გიჭირთ.

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ თავის ტკივილი:

  • გამოვლინდა მოულოდნელად და ტკივილი მწვავე ხასიათისაა;
  • თავის ტკივილს თან ახლავს სიცხე, კისრის გაშეშება, დაბნეულობა, გულის წასვლა, გაორებული მხედველობა, სისუსტე, მეტყველების გაძნელება, დაბუჟება;
  • თავის ტკივილის მიზეზია თავის ტრავმა;
  • მიუხედავად იმისა, რომ დაისვენეთ და ტკივილგამაყუჩებელი მიიღეთ, თავის ტკივილი გამწვავდა.

გამომწვევი მიზეზები

ქრონიკული, ყოველდღიური თავის ტკივილის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. ნამდვილ, პირველადი ხასიათის ქრონიკულ თავის ტკივილს არ აქვს იდენტიფიცირებული მიზეზი.

შემდეგი მდგომარეობების დროს სავსებით შესაძლებელია გამოვლინდეს არაპირველადი, ქრონიკული, ყოველდღიური თავის ტკივილი:

  • ანთება ან სხვა პრობლემები ტვინში, ან მის გარშემო მდებარე სისხლძარღვებში (მათ შორის ინსულტი);
  • ინფექციები, მაგალითად, მენინგიტი;
  • შიდა ქალის წნევა;
  • ტვინის სიმსივნე;
  • ტვინის ტრავმული დაზიანება.

ხშირი, ჩვეული თავის ტკივილის განვითარების რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება: სქესი (ქალებს უფრო ხშირად აწუხებთ), შფოთვა, დეპრესია, ძილთან დაკავშირებული პრობლემები, სიმსუქნე, ხვრინვა, კოფეინის ჭარბი დოზით მოხმარება, თავის ტკივილის გამაყუჩებელი მედიკამენტების ხშირი მიღება, სხვა ქრონიკული ტკივილის მქონე მდგომარეობები.       

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/chronic-daily-headaches/symptoms-causes/syc-20370891