რატომ ხვრინავს ადამიანი?

რატომ ხვრინავს ადამიანი?

არის თუ არა ხვრინვა რომელიმე ფარულად მიმდინარე დარღვევის ნიშანი?

ხვრინვა უსიამოვნო, ხმამაღალი ხმაა, რომელსაც ადამიანი ძილში, სუნთქვის ნაწილობრივი გართულების გამო გამოსცემს.

ცხოვრებაში ერთხელ ყველა ხვრინავს, მაგრამ ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში მას ქრონიკული პრობლემის სახე აქვს და უფრო მეტიც, ჯანმრთელობის სერიოზულ დარღვევაზეც კი მიგვანიშნებს.

რასაკვირველია, ხვრინვა დისკომფორტს უქმნის პარტნიორსაც!

რა არის ხვრინვა და შესაძლებელია თუ არა მისი მკურნალობა?

ხვრინვა ვითარდება მაშინ, როდესაც ჰაერი ხახის მოდუნებული ქსოვილების ზედაპირზე გაივლის და რაც ჩასუნთქვისას ქსოვილების ვიბრაციას იწვევს.

ცხოვრების სტილის ცვლილება შესაძლოა, პრობლემის მოგვარებაში დაგეხმაროთ, მაგალითად, რეკომენდებულია:

  • წონის კლება;
  • არ მიიღოთ ალკოჰოლი ძილის წინ;
  • ლოგინში გვერდზე დაწექით.

აგრეთვე, სამედიცინო მოწყობილობებისა და ქირურგიული ჩარევის მეშვეობით, ხვრინვის დონის შემცირებაა შესაძლებელი, თუმცა აღნიშნული პროცედურები ყველასთვის, ვინც ხვრინავს, არ არის აუცილებელი.

სიმპტომები

ხვრინვა ხშირად დაკავშირებულია ძილის დარღვევასთან სახელწოდებით ძილის ობსტრუქციული აპნოე.

რასაკვირველია, ხვრინვა ყოველთვის ძილის ობსტრუქციულ აპნოეზე არ მიგვანიშნებს, მაგრამ ექიმთან მისვლას გირჩევთ თუ ხვრინვას თან ერთვის შემდეგი:

  • ძილის დროს სუნთქვისას პაუზის გაკეთება;
  • დღის განმავლობაში ძილიანობის განცდა;
  • კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
  • თავის ტკივილი დილით;
  • გაღვიძების დროს ყელის ტკივილი;
  • მოუსვენრობა ძილის დროს;
  • ღამით მძიმე სუნთქვა ან მოხრჩობის შეგრძნება;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • ღამით ტკივილი გულმკერდის არეში;
  • ხვრინვა იმდენად ხმამაღალია, რომ პარტნიორს დაძინებაში ხელს უშლით;
  • ბავშვებში ქცევითი პრობლემები და სხვა.

გამომწვევი მიზეზები

ხვრინვა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მაგალითად, გასათვალისწინებელია: პირის ღრუს ანატომია, ალკოჰოლის მოხმარება, ალერგია, გაციება, ჭარბი წონა, ზურგზე წოლა, პრობლემები ცხვირის ღრუში, ძილის ობსტრუქციული აპნოეს ოჯახური ანამნეზი.

აღსანიშნავია, რომ ქალებთან შედარებით მამაკაცები უფრო ხშირად ხვრინავენ.     

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/snoring/symptoms-causes/syc-20377694