სალომე ზურაბიშვილი - დარწმუნებული ვარ, შემდეგი ეტაპი სამედიცინო და სარეაბილიტაციო ტურიზმის განვითარება იქნება
21-ე საუკუნის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა ჯანდაცვის სფეროს მაღალი სტანდარტი და სამედიცინო ტურიზმის განვითარებაა, არსებობს ლოკალური, რეგიონალური და გლობალური სამედიცინო ტურიზმის ტიპები. თანამედროვე სამედიცინო ტურიზმის განვითარებას განაპირობებს სამი ძირითადი ფაქტორის ზემოქმედება, ესენია: სამედიცინო მომსახურების ხარისხი, პროფესიონალიზმი და ფასი. არსებობს ამ ფაქტორების მზარდი დისბალანსი მსოფლიოში, რაც წარმოშობს მოთხოვნას თითოელ მათგანზე.
სამედიცინო ტურიზმი შედარებით ახალი, მაგრამ სწრაფად განვითარებადი დარგია. მისი ზრდის ტემპები ტურიზმის სხვა სეგმენტებს შორის ყველაზე მაღალია. სამედიცინო ტურიზმის მზარდ მნიშვნელობაზე მიგვანიშნებს ის ფაქტი, რომ მსოფლიოში 50 ქვეყანაზე მეტს სამედიცინო ტურიზმის განვითარება სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე ჰყავს აყვანილი გლობალური ეკონომიკური კონკურენციის პირობებში, სამედიცინო ტურიზმი ხელს უწყობს მედიცინის უფრო სწრაფად განვითარებას და შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს ჯანდაცვის ეროვნული სისტემების სახე.
საქართველოს მაღალი პოტენციალი გააჩნია სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით, ყოველწლიურად იზრდება მოთხოვნა და შესაბამისად იხვეწება სფეროც. განსაკუთრებით სასიხარულოა და იმედის მომცემი, რომ სახელმწიფო თავის მხრივ დიდ დაინტერესებას გამოხატავს სამედიცინო ტურიზმის განვითარების კუთხით და ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები იმედის მომცემად ჟღერს. ქვეყნის პრემიერმინისტრი წლის დასაწყისში აცხადებდა: „საქართველოს აქვს დიდი მომავალი სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით. ამ მხრივ უკვე არჩეული გვაქვს კონკურენტუნარიანი მიმართულებები, როგორებიც არის სტომატოლოგია, პლასტიკური ქირურგია და კარდიოლოგია. ამ პაკეტის დამუშავებას განვაგრძობთ, რათა არსებული შედეგი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და დამატებითი ზრდა შემოვიტანოთ ჩვენს ტურისტულ სექტორში“, – განაცხადა ბახტაძემ.
ქვეყნის პრეზიდენტი კი იზიარებს რა სახელმწიფოს დამოკიდებულებას ზოგადად ტურიზმის და დიდწილად სამედიცინო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, აბასთუმნის ახალი პროექტის დათვალიერებისას მნიშვნელოვან განცხადებას აკეთებს: „აბასთუმნიდან ძალიან კარგი შთაბეჭდილებით წამოვედი. მიმდინარეობს სრული აღმშენებლობა ამ პატარა და მნიშვნელოვანი ქალაქის, რომელსაც დიდი პოტენციალი გააჩნია, პოტენციალი რომელიც ვრცელდება მთელ რეგიონზე. დარწმუნებული ვარ, შემდეგი ეტაპი სამედიცინო და სარეაბილიტაციო ტურიზმის განვითარებაა, რომელიც ერთ დიდ სტრატეგიაში იქნება მოქცეული”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა 16 ივნისს ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას.