რაქიტი ბავშვებში ძვლების დარბილება და დასუსტებაა.
ჩვეულებრივ, პათოლოგიის გამომწვევია D ვიტამინის ხანგრძლივი და უკიდურესი დეფიციტი. იშვიათად, მაგრამ რაქიტი შეიძლება გამოიწვიოს მემკვიდრულმა პრობლემებმა.
ექიმის რეკომენდაციით, კვების რაციონში D ვიტამინის ან კალციუმის ჩართვა რაქიტთან დაკავშირებულ ძვლის პრობლემებს აგვარებს.
თუ რაქიტი გამოწვეულია ფარულად მიმდინარე სხვა სამედიცინო პრობლემით, ბავშვს დამატებითი მედიკამენტი ან მკურნალობა ესაჭიროება.
რაქიტით გამოწვეული საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ზოგიერთი დეფორმაცია ქირურგიულ ჩარევას ექვემდებარება.
სიმპტომები
რაქიტის სიმპტომებია:
- დაგვიანებული ზრდა;
- მოტორული უნარების შენელება;
- ტკივილი ხერხემალში, მენჯისა და ფეხების არეში;
- კუნთების სისუსტე.
რაქიტის გამო შესაძლოა განვითარდეს:
- ფეხების გამრუდება;
- მაჯისა და კოჭის შესქელება;
- მკერდის ძვლის გამობურცვა.
როდის მივმართოთ ექიმს?
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ პატარა უჩივის ძვლის ტკივილს, კუნთების სისუსტეს ან თვალსაჩინოა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დეფორმაცია.
გამომწვევი მიზეზები
რაქიტის განვითარებას ხელს უწყობს D ვიტამინის დეფიციტი; ამ ვიტამინს ორგანიზმი ითვისებს მზის სხივებითა და D ვიტამინით მდიდარი პროდუქტებით.
ზოგიერთი ბავშვი იბადება ან პატარას მოგვიანებით უვითარდება ისეთი დაავადებები (ცელიაკია, ნაწლავის ანთებითი დაავადება, კისტური ფიბროზი, თირკმლის პრობლემები), რომელიც ორგანიზმში D ვიტამინის შეთვისებას უშლის ხელს.
ასევე წარმოგიდგენთ რამდენიმე მიზეზს, რის გამოც იზრდება რაქიტის განვითარების რისკი, მაგალითად:
- ორსულობისას D ვიტამინის დეფიციტი;
- ისეთ გეოგრაფიულ არეალში ცხოვრება, სადაც ნაკლებია მზის სხივები;
- ნაადრევი მშობიარობა;
- ზოგიერთი ტიპის მედიკამენტი და სხვა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/rickets/symptoms-causes/syc-20351943