სტატიაში ვისაუბრებთ თავის ტკივილზე, რომელიც ხანგრძლივი, ინტენსიური ვარჯიშის დროს ან მის შემდეგ ვლინდება.
ზოგიერთი აქტივობა (სირბილი, ნიჩბოსნობა, ჩოგბურთი, ცურვა, მძიმე წონის აწევა) ვარჯიშით გამოწვეულ თავის ტკივილთან ასოცირდება.
მედიკოსები ამ მდგომარეობას 2 კატეგორიად ყოფენ: პირველადი უვნებელია და მედიკამენტურ მკურნალობას ექვემდებარება, მაგრამ მეორეული საყურადღებოა და სერიოზული მიზეზებით, მაგალითად, თავის ტვინში სისხლდენით, სიმსივნით თუ სხვა პათოლოგიითაა გამოწვეული.
სიმპტომები
პირველადი ვარჯიშისმიერი თავის ტკივილი იწვევს:
- ტკივილს, რომელსაც აქვს ფეთქვადი, პულსირებული ხასიათი;
- ვლინდება ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დროს ან შემდეგ;
- პაციენტი ტკივილს უჩივის თავის ორივე მხარეს.
მეორეული ვარჯიშით გამოწვეული თავის ტკივილის დროს ვლინდება პირველადი ფორმის ნიშნები, რომელსაც ასევე ერთვის:
- გულისრევა;
- ცნობიერების დაკარგვა;
- მხედველობის გაორება;
- კისრის დაჭიმულობა.
პირველადი ფორმით გამოწვეული თავის ტკივილი, როგორც წესი, გრძელდება 5 წუთიდან 48 საათამდე, ხოლო მეორეული ხასიათის თავის ტკივილს პაციენტი უჩივის მთელი დღის განმავლობაში და ზოგჯერ ეს დისკომფორტი რამდენიმე დღე ან მეტი ხნით გრძელდება.
ნებისმიერ შემთხვევაში თუ თავის ტკივილი ჩნდება ვარჯიშის დროს ან მის შემდეგ, ექიმს უნდა მიმართოთ. სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს თუ თავის ტკივილი ვლინდება მოულოდნელად ან ამ ხასიათის ტკივილმა პირველად შეგაწუხათ.
ვარჯიშით გამოწვეული პირველადი თავის ტკივილის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა მეცნიერთა მოსაზრებით, ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი ისაა, რომ ძლიერი ფიზიკური დატვირთვის დროს თავის ქალაში სისხლძარღვები ფართოვდება.
მეორეული ფორმა გამოწვეულია რომელიმე დაავადებითა და მდგომარეობით, მაგალითად:
- სუბარაქნოიდული ჰემორაგიით;
- თავის ტვინში სისხლძარღვების პათოლოგიით;
- სიმსივნით;
- თავის, კისრისა თუ ხერხემლის სტრუქტურული პათოლოგიებით;
- სინუს ინფექციით და სხვა.
რისკ-ფაქტორებს ასევე მიეკუთვნება ის, რომ ფიზიკური აქტივობით დაკავებული ხართ ცხელ ამინდში, ვარჯიშობთ ისეთ გარემოში, რომელიც ზღვის დონიდან ძალიან მაღლა მდებარეობს, გაქვთ შაკიკის ოჯახური ანამნეზი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/exercise-headaches/symptoms-causes/syc-20372276