ბოდრუმი - ეგეოსის ზღვის მარგალიტი

ბოდრუმი - ეგეოსის ზღვის მარგალიტი

ბოდრუმი თურქეთში, მუღლის პროვინციაში მდებარეობს და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საზღვაო კურორტია.

ბოდრუმი გამოირჩევა ულამაზესი სანაპიროებითა და ყურეებით, ღამის კლუბებით, მდიდარია ისტორიული ძეგლებით, ცნობილია მაღალი სტანდარტის სასტუმროებით.

ზღვის სეზონი აპრილიდან იწყება და ოქტომბრის ბოლოს ოფიციალურად იხურება.

გამჭირვალე სუფთა ზღვაში ცურვისა და რუჯის მოყვარულები, რომლებიც ერთხელ მაინც სტუმრობდნენ ქალაქს, ამბობენ, რომ ბოდრუმში აუცილებლად დაბრუნდებიან.

ავიარეისები სრულდება როგორც იზმირის, ისე ბოდრუმის საერთაშორისო აეროპორტებში.

კურორტი დამსვენებელს სთავაზობს All Inclusive სისტემას - თქვენი გადასაწყვეტია შვებულებას აქტიურ დასვენებაში გაატარებთ თუ პასიურში. თუმცა როგორ კომფორტულადაც არ უნდა გრძნობდეთ თავს სასტუმროს კომპლექსში, ჩვენი რჩევაა, რომ ერთი დღე აუცილებლად დაუთმოთ ამ მშვენიერი ქალაქის გაცნობას, სადაც ბევრი ლამაზი ქუჩა, ბულვარი, შოპინგ ცენტრი თუ ისტორიული ადგილია.

ძალიან შთამბეჭდავია ხედი, რომელიც ქალაქში შესვლისას გადაიშლება! ქათქათა თეთრი შენობები, წითელი ყვავილები, გემები და იახტები, ზღვა, რომელიც მზის სხივების ფონზე პირდაპირი მნიშვნელობით ბრწყინავს - ეს პირველი სასიამოვნო შთაბეჭდილებაა, რომლითაც ბოდრუმს გაიცნობთ და შეიყვარებთ.

სასურველია ესტუმროთ ბოდრუმის ნავსადგურსა და ციხესიმაგრეს, რომელიც ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ციხესიმაგრის ტერიტორიაზევე ფუნქციონირებს ბოდრუმის წყალქვეშა არქეოლოგიური მუზეუმი. ცნობისათვის, ნავსადგურიდან ტურისტებს საშუალება ეძლევათ, რომ ერთდღიანი ტურის ფარგლებში დაათვალიერონ (დაახლოებით 2 საათის გზა) საბერძნეთის კუნძული კოსი.

მოგეხსენებათ, ბოდრუმში იყო აღმართული ლეგენდარული ჰალიკარნასის მავზოლეუმი - დღეს მისგან საძირკველი, კოლონების ნიმუშები, ქანდაკებებია შემორჩენილი. ტერიტორიაზე ფუნქციონირებს საგამოფენო სივრცე.

თქვენი ექსკურსიის სიაში აუცილებლად უნდა შედიოდეს ბოდრუმის ამფითეატრი, რომელიც ქალაქის ჩვენს დრომდე ყველაზე უკეთ შემონახულ ანტიკურ ნაგებობას წარმოადგენს.

ტურისტებს ძალიან უყვართ გემით სეირნობა, კაპიტანი ეგეოსის ზღვის ულამაზეს ადგილებს მოგატარებთ.

ძალიან მოიხიბლებით ქალაქის ქუჩებში სეირნობით. რესტორნების კედლები ყვავილებიანი სუროებითაა მორთული, ლურჯ, ყვითელ და წითელ ფერად შეღებილი სკამები და მაგიდები პირდაპირ ეზოებშია განთავსებული, გარშემო ლახათ-ლუხუმისა თუ თურქული ყავის არომატი იფრქვევა. სავსებით შესაძლებელია გვერდით მაგიდასთან რომელიმე ცნობილი თურქი მსახიობი ვახშმობდეს, რადგან კურორტი ძალიან პოპულარულია ადგილობრივ ვარსკვლავებს შორის. ბევრი ცნობილი თურქული სერიალის ლამაზი კადრი სწორედ ბოდრუმშია გადაღებული.