ბრადიკარდია შენელებული გულისცემაა.
მოსვენებულ მდგომარეობაში ზრდასრული ადამიანის გულისცემის ნორმალური სიხშირე წუთში 60-100 შეკუმშვაა, მაგრამ ბრადიკარდიის დროს მაჩვენებელი წუთში 60-ზე ნაკლებია. ასევე აღსანიშნავია, რომ წუთში 60-ზე ნაკლები გულისცემა სავსებით შესაძლებელია ნორმად ჩაითვალოს პრაქტიკულად ჯანმრთელ ახალგაზრდებსა და სპორტსმენებში. ამ კატეგორიაში მსუბუქი ბრადიკარდია ჯანმრთელობის პრობლემად არ მიიჩნევა.
ბრადიკარდია შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამომწვევი მიზეზი გახდეს, რადგან ამ მდგომარეობის დროს გული ვეღარ უზრუნველყოფს ორგანიზმისთვის საკმარისი რაოდენობის ჟანგბადით მდიდარი სისხლის მიწოდებას.
ზოგიერთ პაციენტში ბრადიკარდია სიმპტომურად არ ვლინდება და არც რაიმე ტიპის გართულებას იწვევს.
იმპლანტირებული პეისმეიკერის მეშვეობით გულისცემის ნორმალური სიხშირის აღდგენაა შესაძლებელი.
სიმპტომები:
ბრადიკარდიის დროს ხშირად ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- თავბრუსხვევა;
- დაღლილობა;
- გონების კარგვის შეგრძნება ან გულის წასვლა;
- ტკივილი გულმკერდის არეში;
- ფიზიკური აქტივობისას მარტივად დაღლა;
- დაბნეულობა, გულმავიწყობა და მეხსიერების სხვა პრობლემები;
- სუნთქვის გაძნელება.
ნებისმიერი სიმპტომი საყურადღებოა და ექიმთან დროულ კონსულტაციას საჭიროებს.
ბრადიკარდიის მიზეზი შეიძლება გახდეს გულის ქსოვილის ასაკობრივი დაზიანება ან გულის ქსოვილის ინფარქტითა თუ გულის სხვა დაავადებებით დაზიანება, გულის თანდაყოლილი დაავადებები, მაღალი არტერიული წნევა, მიოკარდიტი, გულის ქირურგიული ოპერაციის გართულება, ჰიპოთირეოზი, სისხლში ქიმიკალების დისბალანსი, ძილში სუნთქვის ხშირი გაჩერება, ზოგიერთი მედიკამენტი და სხვა.
მედიკოსთა განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორი ასაკია; მოგეხსენებათ, გულის პრობლემები, რომელიც ბრადიკარდიასთან ასოცირდება, ხშირია ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/bradycardia/symptoms-causes/syc-20355474