მუცლის აორტის ანევრიზმა არტერიული სისტემის ანევრიზმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიური პროცესია.
აორტა ორგანიზმის მთავარი მაგისტრალური სისხლძარღვია და წარმოიდგინეთ მუცლის აორტის გამსკდარი ანევრიზმა რა საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას სისხლდენის გამო.
სიმპტომები
კლინიკურ შემთხვევათა უმეტეს ნაწილში მუცლის აორტის ანევრიზმა უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ამის გამო დროული დიაგნოსტირება ფერხდება.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ანევრიზმა არასდროს სკდება, ხოლო მუცლის აორტის ანევრიზმის ზომაში ზრდის (გაფართოება) პროცესისას შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:
- მუდმივი ტკივილი მუცლის არეში;
- ზურგის ტკივილი;
- პულსაცია ჭიპთან.
გახსოვდეთ, ნებისმიერი ტკივილი და მითუმეტეს მოულოდნელად აღმოცენებული და ძლიერი ხარისხის საყურადღებო სიმპტომია და სასწრაფოდ ექიმს უნდა მიმართოთ.
გამომწვევი მიზეზები
აორტის ანევრიზმის განვითარებას ხელს უწყობს არაერთი ფაქტორი და მათ შორის:
- ათეროსკლეროზი;
- მაღალი არტერიული წნევა;
- სისხლძარღვის დაავადებები;
- აორტის ინფექცია;
- ტრავმა.
რისკ-ფაქტორებს ასევე განეკუთვნება: თამბაქოს მოხმარება, ასაკი (65 წელი და მეტი), მამრობითი სქესი (მედიკოსები ადასტურებენ, რომ მუცლის აორტის ანევრიზმით უმეტესად ავადობენ მამაკაცები), ოჯახური ანამნეზი.
პრევენციისთვის რეკომენდებულია, რომ ისარგებლოთ ექიმის კონსულტაციით პროფილაქტიკის მიზნით, ასევე უარი თქვათ თამბაქოზე, იკვებოთ ჯანსაღად, რეგულარულად ივარჯიშოთ, აკონტროლოთ არტერიული წნევა და ქოლესტერინი.
დიაგნოსტირება და მკურნალობა
ხშირად მუცლის აორტის ანევრიზმას მოულოდნელად აღმოაჩენენ ხოლმე, მაგალითად, რუტინული სამედიცინო შემოწმებისას ან სრულიად სხვა მიზეზით ჩატარებული დიაგნოსტირების დროს.
ექიმი დეტალურად შეისწავლის თქვენს სამედიცინო ისტორიას და ოჯახურ ანამნეზს გაეცნობა - როცა მედიკოსი მუცლის აორტის ანევრიზმაზე ეჭვს მიიტანს დანიშნავს შესაბამის ინსტრუმენტულ კვლევებს (მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია).
მკურნალობის მთავარი მიზანი ანევრიზმის გასკდომის პრევენციაა.
მეთოდი დამოკიდებულია აორტის ანევრიზმის ზომაზე, ასევე ზომაში რამდენად სწრაფად იზრდება.
მცირე ზომის ანევრიზმის დროს, რომელსაც თან არ ახლავს პათოლოგიური სიმპტომატიკა, შესაძლებელია დინამიკაზე დაკვირვება.
ქირურგი ქირურგიულ ჩარევას საჭიროდ ჩათვლის, თუ ანევრიზმა 4 სანტიმეტრზე დიდია ან ზომაში სწრაფად იმატებს, ასევე ოპერაცია რეკომენდებულია სიმპტომური ჩვენების დროს.
სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს გასკდომაზე საეჭვო ან უკვე გამსკდარი ანევრიზმა.
წყარო: