მოგითხრობთ სინდრომზე, რომელიც სტრესული სიტუაციის დროს ან ძლიერ ემოციურ ფონზე აღმოცენდება.
გატეხილი გულის სინდრომი სამედიცინო ლიტერატურაში ცნობილია სტრეს-კარდიომიოპათიის, ასევე ტაკოცუბო კარდიომიოპათიის სახელწოდებითაც. იგი წარმოადგენს დროებით მდგომარეობას და უმეტეს შემთხვევაში განპირობებულია ძლიერი სტრესითა და ემოციით, ფიზიკური დაავადებით.
გატეხილი გულის სინდრომის დროს პაციენტი მოულოდნელად გრძნობს გულმკერდის ტკივილს, სუნთქვის გაძნელებას და ისეთი შეგრძნება აქვს თითქოს გულის შეტევა დაემართა. თუმცა თუ გულის შეტევის, ინფარქტის მიზეზი გულის არტერიის სრული დახშობაა, გატეხილი გულის სინდრომის დროს გულის არტერიები არ იხშობა, მაგრამ არტერიაში სისხლის მიმოქცევა სუსტდება. ნებისმიერ შემთხვევაში ტკივილი გულმკერდის არეში ძალიან საყურადღებო სიმპტომია და კარდიოლოგის კონსულტაციას საჭიროებს. გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება და მიმართეთ კლინიკას!
გატეხილი გულის სინდრომის ზუსტი გამომწვევი მიზეზი დღემდე უცნობია.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სტრესის ჰორმონების დიდმა რაოდენობამ შეიძლება ზოგიერთი ადამიანის გული დროებით დააზარალოს.
მდგომარეობის განვითარებას სავსებით შესაძლებელია ხელი შეუწყოს ისეთმა ფაქტორებმა როგორიცაა: საყვარელი ადამიანის გარდაცვალება, მოულოდნელი სამედიცინო დიაგნოზი, ოჯახური ძალადობა, ფულის დაკარგვა და თქვენ წარმოიდგინეთ მოგებაც კი, კამათი, დავა, სიტყვით საჯარო გამოსვლა, ფინანსური პრობლემები, სამსახურის დაკარგვა, განქორწინება, მოულოდნელი წვეულება და სხვა. სინდრომის მიზეზი შეიძლება გახდეს ზოგიერთი მედიკამენტი.
იშვიათ კლინიკურ შემთხვევებში გატეხილი გულის სინდრომი ფატალურად სრულდება. უმეტესად კი, პაციენტი ამ სინდრომისგან სწრაფად თავისუფლდება და მდგომარეობას ჯანმრთელობაზე ხანგრძლივი ეფექტი არ აქვს.
რეკომენდებულია ვიზრუნოთ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობაზე, მაქსიმალურად შევეცადოთ ავარიდოთ თავი სტრესულ გარემოს, ვისწავლოთ მისი მართვა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/broken-heart-syndrome/symptoms-causes/syc-20354617